უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველების გამოცდა 4 თებერვალს ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას NAEC ავრცელებს.
გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, გამოცდის მიზანია იმ სტუდენტების აკადემიური მზაობის შეფასება, რომლებმაც უცხოეთში არანაკლებ ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლეს და საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელება სურთ.
"ტესტირება წაკითხულის გააზრების, ლოგიკური და რაოდენობრივი მსჯელობის კომპონენტებს მოიცავს და ელექტრონული ფორმატით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გაიმართება.
გამოცდა მნიშვნელოვანი მექანიზმია ობიექტური და სტანდარტიზებული შეფასებისთვის, რაც კანდიდატების საგანმანათლებლო პროცესში თანაბარ ჩართულობას და მაღალი აკადემიური სტანდარტების დაცვას უზრუნველყოფს", - აცხადებენ NAEC-ში.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის გამოცდას 2019 წლიდან, წელიწადში რამდენჯერმე ატარებს.




























