მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უცხოელების დეპოზიტებმა ქართულ ბანკებში ₾9 მილიარდ ლარს გადააჭარბა

ბანკები

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, ქართულ ბანკებში არარეზიდენტი ფიზიკური პირების დეპოზიტების მოცულობა 2025 წლის იანვრის მდგომარეობით 9.16 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც წინა თვესთან შედარებით 110 მილიონი ლარით მეტია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი ამ კატეგორიის დეპოზიტების ზომა 1.5 მილიარდი ლარით, ხოლო ბოლო 2 წელში 2.4 მილიარდი ლარით გაიზარდა. მატების მთავარი მდგენელი რუსეთის ფედერაციიდან ემიგრირებული პირების საბანკო გადმორიცხვებია.

ფიზიკური პირები ქართულ ბანკებში სულ 29.91 მილიარდ ლარს ინახავენ, შესაბამისად, მათ შორის არარეზიდენტთა დეპოზიტები 29%-ს შეადგენს.

არარეზიდენტი პირები საკუთარ დანაზოგებს ძირითადად (დეპოზიტების 83%-ს) უცხოურ ვალუტაში ინახავენ, ხოლო საქართველოს რეზიდენტი პირების დეპოზიტებში უცხოური ვალუტის წილი 60%-ია.

საქართველოს ეროვნული ბანკის უკანასკნელი წლიური ანგარიშის თანახმად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე არარეზიდენტთა დეპოზიტების 37% მოდიოდა, მეორე ადგილზეა ისრაელი 8%-ით, უკრაინა 7%-ით, კვიპროსი 5%-ით, დიდი ბრიტანეთი 5%-ით, ბელარუსი - 4%-ით, აზერბაიჯანი - 4%-ით, ვირჯინიის კუნძულები - 3%-ით და გერმანული - 2%-ით და ჩინეთი - 1%-ით. სხვა ქვეყნების მოქალაქეთა დეპოზიტებზე დანარჩენი ანგარიშების 23% მოდის.

2023 წლის მაისში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რუსეთის მოქალაქეთა დეპოზიტებზე ლიკვიდობის მოთხოვნა 40%-დან 80%-მდე გაზარდა, სებ-მა მაშინ განმარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმით, რომ უცნობია რამდენი ხნის განმავლობაში გაჩერდება აღნიშნული დეპოზიტები ქვეყანაში, ამიტომაც მნიშვნელოვანია რომ ამ კაპიტალის მეშვეობით ბანკებმა გრძელვადიანი მოთხოვნები არ დააფინანსონ, რადგანაც უცნობია როდის დატოვებს აღნიშნული რესურსი ქვეყანას. თუმცა, 2024 წელს კი ეს მოთხოვნა ეროვნულმა ბანკმა ისევ 40%-მდე შეამცირა, რის მიზეზადაც სებ-მა მიუთითა, რომ აღნიშნულ დეპოზიტებს იმაზე მაღალი სტაბილურობა გააჩნიათ, ვიდრე ეს წარსულში იყო ნავარაუდევი და მათი ქვეყნიდან გატანა არ აღინიშნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები