„ქართული ოცნების“ დეპუტატის შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, კურიერების და ტაქსის მძღოლების კუთხით უცხოელებისთვის დასაქმების შეზღუდვით კადრების კოლაფსი არ შეიქმნება, რადგან ამ ბაზარზე მიწოდება უფრო მეტია ვიდრე მოთხოვნა. ამის შესახებ მან "შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების ამოქმედებასთან დაკავშირებით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და ბიზნესის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, არსებული ცვლილებებით შრომითი მიგრაციისადმი მიდგომა სისტემური გახდება, რითაც ადგილობრივი კადრების უფლებები იქნება დაცული.
„ჩვენ საშუალება გვაქვს, რომ იმ სექტორებში, სადაც შრომითი რესურსის დეფიციტია გვქონდეს კადრების შემოყვანის საშუალება და სადაც ჭარბია მიწოდება, იქ დაცული გვყავდეს შრომითი ბაზარი.
ასეთ სისტემურ მიდგომისას ზუსტად გვეცოდინება დეფიციტური მიმართულებები. შევეცდებით, რომ აღნიშნული მიმართულებებზე გადავამზადოთ საკუთარი შრომითი რესურსი და საბოლოო ჯამში, გრძელვადიან პერსპექტივაში გვინდა, რომ საკუთარი შრომითი რესურსით ჩავანაცვლოთ ის დეფიციტური სამუშაო ადგილები.
ადრე სისტემური მიდგომა არ არსებობდა და ეს ყველაფერი ახლა ინსტიტუციურ ჩარჩოში ჩავსვით, რაც საბოლოო ჯამში, კარგია კონკურენციისთვის, კარგია შრომითი ბაზრის გაჯანსაღებისთვის და მივაღწევთ იმას, რომ როდესაც გვაქვს აცდენა, ერთის მხრივ, უმუშევრობის პროცენტი მაღალია, თუმცა შრომით ბაზარზე მოთხოვნა მაღალია - ეს პარადოქსი აღარ გვექნება. შრომით ბაზარზე მიწოდების და მოთხოვნის მაჩვენებლები დაბალანსდება“, - განაცხადა ბერეკაშვილმა.
კითხვაზე - იქმნება თუ არა საკადრო დეფიციტის რისკი ტაქსის მძღოლებისა და კურიერების შემთხვევაში და ხომ არ გამოიწვევს ეს შეზღუდვა კოლაფსს, „ოცნების“ დეპუტატი ასე პასუხობს: „არავითარ კოლაფსს ეს არ გამოიწვევს. სწორედ იმიტომ, რომ მიწოდება უფრო მეტია, ვიდრე მოთხოვნა ბაზარზე. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია, რომ უპირატესობა ადგილობრივ შრომით რესურსებს მივცეთ და როდესაც ბაზარზე გვაქვს სექტორი, სადაც მიწოდება მაღალია, ვიდრე მოთხოვნა, ჩვენ არ გვინდა, რომ ადგილობრივ შრომით ბაზარზე, სადაც მოთხოვნა მაღალია, მიგრაციული შრომითი რესურსი კონკურენციაში შევიდეს. მარტივია“.
შოთა ბერეკაშვილი აცხადებს, რომ ამ მიმართულებით უცხოელი კადრების ადგილობრივებით ჩანაცვლების რესურსი რომ არსებობს ეს დათვლილია. რაც შეეხება ანაზღაურების ცვლილებას, უმრავლესობის დეპუტატი ამბობს, რომ მიწოდება-მოთხოვნა განსაზღვრავს ანაზღაურებას.
„თუკი ზედმეტად ჭარბია შრომითი რესურსის მიწოდება, შესაბამისად, ანაზღაურება იკლებს, მაგრამ როდესაც დაბალანსებულია, შესაბამისად, ანაზღაურება იზრდება და სწორედ ამიტომ ჩვენ არ გვინდა მიგრაციული შრომითი რესურსი შემოვიდეს, რომელიც ჭარბ მოთხოვნას გამოიწვევს და სწორედ ამიტომ არის ეს მიგრაციული პოლიტიკა მიმართული იმისკენ, რომ ადგილობრივ შრომით რესურსს სამუშაო ადგილი ჰქონდეს და შესაბამისი ანაზღაურება ჰქონდეს“, - განმარტავს ბერეკაშვილი.




























