საქართველოში უცხოეთის მოქალაქეებისთვის განკუთვნილი ონლაინ-აზარტული თამაშების ოპერატორებისთვის ახალი, საშეღავათო საგადასახადო და სანებართვო რეჟიმი უკვე ამოქმედდა. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები 2026 წლის 3 ივლისს გამოქვეყნდა და ძალაში 4 ივლისიდან შევიდა.
ცვლილებების შედეგად, სათამაშო ბიზნესის რეგულირების კანონმდებლობაში საერთაშორისო ორგანიზების ახალი კატეგორიის ნებართვები გაჩნდა. აღნიშნული ნებართვების მფლობელებს სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშების ორგანიზება შეეძლებათ იმ პირობით, რომ მათ პლატფორმებზე მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებისთვის დაშვებული არ იქნება.
ახალი რეჟიმი ითვალისწინებს სამ ძირითად კატეგორიას: სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების, სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების და ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვებს.
თითოეული ნებართვა 5 წლის ვადით გაიცემა, ხოლო სანებართვო მოსაკრებელი წელიწადში 100 ათასი ლარით განისაზღვრა. ამასთან, საერთაშორისო ორგანიზების ფარგლებში მოქმედი ოპერატორებისთვის მოგების გადასახადის განაკვეთი 5%-ია. გადასახადი გამოითვლება მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეებისთვის გაცემულ მოგებას შორის სხვაობიდან, ანუ GGR-დან.
ეს რეჟიმი მნიშვნელოვნად განსხვავდება საქართველოში ადგილობრივ მომხმარებელზე ორიენტირებული ონლაინ-აზარტული თამაშების მოქმედი დაბეგვრისგან. ადგილობრივი მოთამაშეებისთვის ხელმისაწვდომი ონლაინ-კაზინოების შემთხვევაში GGR-ის მიხედვით მოგების გადასახადის განაკვეთი 20%-ს შეადგენს.
საშეღავათო რეჟიმის შემოღების შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტმა დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით, 25 ივნისს მიიღო. კანონპროექტის ავტორების შეფასებით, ახალი სტატუსის მიზანია საქართველოში სათამაშო ბიზნესის საერთაშორისო მიმართულების განვითარება და უცხოური კომპანიების მოზიდვა.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის შემოღებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს საქართველოში ახალი კომპანიების შემოსვლას, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდას და მაღალკვალიფიციური კადრების, მათ შორის IT-ის, მარკეტინგისა და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტების, დასაქმებას.
„კანონპროექტის მიღებით საქართველოს შესაძლებლობა მიეცემა ჩამოაყალიბოს სათამაშო ბიზნეს-ინდუსტრიის ახალი მიმართულება, რაც საშუალებას მისცემს დაიკავოს კონკურენტუნარიანი, სანდო და ინოვაციაზე ორიენტირებული იურისდიქციის პოზიცია“, - ნათქვამი იყო კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
2025 წელს სათამაშო ბიზნესის სექტორმა ბიუჯეტში ჯამურად 1.75 მილიარდი ლარის გადასახადები გადაიხადა, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე 361 მილიონი ლარით, ანუ 26%-ით მეტია. 2026 წლის პირველ ხუთ თვეში კი სექტორის მიერ ბიუჯეტში გადახდილმა გადასახადებმა დაახლოებით 754 მილიონი ლარი შეადგინა.
2025 წელს სექტორის მიერ გადახდილ გადასახადებში ყველაზე დიდი წილი მოგების გადასახადზე მოდიოდა, რომელმაც 833 მილიონი ლარი შეადგინა. საშემოსავლო გადასახადის სახით სექტორმა 663 მილიონი ლარი გადაიხადა, ხოლო სალიცენზიო და სანებართვო გადასახადებიდან ბიუჯეტში დამატებით მნიშვნელოვანი მოცულობის შემოსავლები შევიდა.
აზარტული თამაშების სექტორში საგადასახადო ტვირთი ბოლო წლებში რამდენჯერმე გაიზარდა. ონლაინ-აზარტული თამაშების კომპანიებისთვის GGR-ის მიხედვით მოგების გადასახადი თავდაპირველად 2022 წელს 10%-ით განისაზღვრა, 2024 წლიდან 15%-მდე გაიზარდა, ხოლო 2025 წლის 1 იანვრიდან მოქმედი განაკვეთი 20%-ია.
ახალი საერთაშორისო ნებართვების ამოქმედებით კი უცხოელ მომხმარებლებზე ორიენტირებული ოპერატორებისთვის დაბეგვრის განაკვეთი 5%-მდე მცირდება. ამასთან, მათთვის ცალკე სანებართვო მოსაკრებელი — 100 ათასი ლარი წელიწადში — არის გათვალისწინებული.
კანონმდებლობის ცვლილების ავტორები აცხადებდნენ, რომ დაბალი საგადასახადო განაკვეთი საქართველოში იმ კომპანიების მოზიდვას შეუწყობს ხელს, რომლებიც ამჟამად სხვა იურისდიქციებში ოპერირებენ და ისედაც უცხოეთის მოქალაქეებს ემსახურებიან. თუმცა, კანონპროექტის განმარტებით ბარათში ახალი რეჟიმის შედეგად ბიუჯეტში მოსალოდნელი დამატებითი შემოსავლების კონკრეტული რაოდენობრივი შეფასება წარმოდგენილი არ ყოფილა.




























