მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცხოელებზე შრომითი საქმიანობის უფლება გაიცემა, თუმცა ხშირად ბინადრობის ნებართვაზე იღებენ უარს - GLCC

ენრი აბულაძე

იურიდიულ კომპანიებში აცხადებენ, რომ უცხოელებისთვის საქართველოში შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვება მხოლოდ ფორმალობად იქცა და ხშირია შემთხვევები, როდესაც უცხოელებს უარს ბინადრობის ნებართვის გაცემის ეტაპზე ეუბნებიან.

როგორც „საქმის კურსის“ ეთერში GLCC Law Firm-ის იურისტმა განაცხადა, როგორც წესი, უცხოელებზე შრომითი საქმიანობის უფლება გაიცემა, თუმცა შემდეგ მათ დაბრკოლება ბინადრობის ნებართვის აღებისას ექმნებათ.

კომპანიის იურისტი, ენრი აბულაძე ამბობს, რომ ეს პროცესი როგორც საქართველოში დასაქმების მსურველისთვის, ასევე დამსაქმებლისთვის გამოწვევაა, რადგან ხშირად უცხოელები შესაბამისი ნებართვის მიღებას საქართველოში 2-3 თვის განმავლობაშიც ელოდებიან.

ენრი აბულაძის თქმით, ხშირია შემთხვევა, როდესაც ბინადრობის ნებართვაზე უარს მშენებლობის სექტორში დასაქმების მსურველებს ეუბნებიან.

„გამოწვევა არსებითად დგება იმ კონტექსტში, რომ ბიზნესებს უწევთ გარკვეული ძალისხმევის ჩადება, რათა [უცხოელი დასაქმებულებისთვის] მოიპოვონ საქმიანობის უფლება, თუმცა საქმიანობის უფლების მოპოვების შემდგომ იგი ავტომატურად არ შედის კანონიერ ძალაში. იგი რომ ამოქმედდეს, საჭიროა პირს ჰქონდეს ან მოქმედი ვიზა, ან ბინადრობა, რაც ნიშნავს, რომ პროცესი 30 დღეზე უფრო ხანგრძლივიც არის და შეიძლება ორ ან სამ თვემდეც გაიწელოს.

მათ შორის, სამწუხაროდ, ერთ-ერთი მოტივი, რაც კანონის იყო, რომ საქმიანობის უფლების [მიღების] ეტაპზევე ჰქონოდათ დამსაქმებლებს თუ თვითდასაქმებულებს მოლოდინი საქართველოში დასაქმების შესაძლებლობისა, რეალურად კანონის ამოქმედებით ეს შედეგი არ გვიდგება. კერძოდ, საქმიანობის უფლება უფრო მეტად მარტივად და დაბრკოლებების გარეშე გაიცემა, ხოლო შემდგომ, რათა ის კანონიერ ძალაში შევიდეს, პირებს უწევთ უკვე შემოვიდნენ საქართველოში, კვეთონ საზღვარი, დაელოდონ ბინადრობის ნებართვის აღებას, რაც შეიძლება 10-დან 30 დღემდე გაგრძელდეს. თუმცა მას შემდეგ, რაც, ასე ვთქვათ, ყოველგვარი დასაქმების ან ანაზღაურების გარეშე მოცდის პერიოდში არიან საქართველოში, საბოლოო ეტაპზე — და პრაქტიკა უმეტესად ამას გვიჩვენებს — ბინადრობის ნებართვის მიღების ეტაპზე იღებენ უარს. რაც ნიშნავს, რომ ბიზნესებს არაერთხელ აქვთ გაწეული საკმაო ხარჯები საცხოვრებლის მიზნით, დასაქმების მიზნით, საარსებო მინიმუმით ისე, რომ შეიძლება სრულად უარი მიიღოს და ვერც განახორციელოს საქართველოში დასაქმება და მოუწიოს შემდგომ ჩამოსულ პირს ქვეყნის დატოვება.

თუმცა ამ ინსტიტუტმა გარკვეულწილად უფრო ტექნიკური სახე მიიღო. ფაქტობრივად, ყველა უცხოელს ავტომატურად უკმაყოფილდება განცხადებები და ამ მოლოდინის შექმნის შემდგომ, როდესაც ისინი მოელიან, რომ დასაქმდებიან, სავალდებულო ნაბიჯი არის ბინადრობის ნებართვის აღება. სწორედ ბინადრობის ნებართვის აღების ეტაპზე ისევ იმ ზოგადი საფუძვლებით იღებენ უარს. შემოდიან საქართველოში, არიან მოლოდინის რეჟიმში და უწევთ მერე ქვეყნის დატოვება, იმიტომ რომ რეალურად ვერ იღებენ კანონიერად უფლებას, რომ განაგრძონ საქართველოში მუშაობა“, - განაცხადა ენრი აბულაძემ.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის 1 მარტიდან საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებისთვის/თვითდასაქმებისთვის შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვება სავალდებულო გახდა.

ამასთან, საქართველოში დასაქმებული უცხოელებისთვის, შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის გარდამავალი ვადა იწურება. ვინაიდან კანონით გათვალისწინებული გარდამავალი პერიოდი 2027 წლის 1 იანვარს გადის. „შრომითი მიგრაციის შესახებ“ ახალი საკანონმდებლო რეგულაციების პარალელურად, გათვალისწინებული იყო გარდამავალი პერიოდი, საქართველოში დასაქმებული იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც 2026 წლის 1 მარტამდე სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში უკვე იყვნენ რეგისტრირებულები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები