მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცხოელი გიდები თავად ითავსებენ ტუროპერატორების როლს, ეს პირდაპირ კონკურენციაში მოდის ჩვენთან - "ჰოთ თრეველ გრუპი"

გიდები

ტუროპერატორების ნაწილი აცხადებს, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში უცხოელი გიდების რაოდენობა მზარდია და ისინი კონკურენციას ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებსაც უწევენ.

როგორც BMG-სთან “ჰოთ თრეველ გრუპის” დამფუძნებელი, თამარ ჩხიკვაძე აცხადებს, დარგი გარკვეულ რეგულაციებს საჭიროებს, მათ შორის, უცხოელი გიდების აღრიცხვიანობის მიმართულებით. მისი თქმით, ხშირად უცხოენოვანი გიდები საქართველოს ბაზარზე ყოველგვარი გადასახადების გადახდის გარეშე ოპერირებენ.

„უცხოელი გიდები თავად სთავაზობენ როგორც სასტუმროებს, ტურებს, ტრანსფერებს ტურისტებს და ყოველგვარი გადასახადების გარეშე თავად ითავსებენ ტურისტული კომპანიების როლს. ეს აზიანებს ქვეყნის ეკონომიკას და პირდაპირ კონკურენციაში მოდის ჩვენთან როგორც ტუროპერატორებთან. მათი აღრიცხვა არსად არ ხდება, არცერთ კომპანიასთან არ აქვთ ხელშეკრულება და ყოველგვარი გადასახადების გადახდის გარეშე შეუძლიათ აკეთონ ტურები.

ყველა ნორმალურ ქვეყანაში ეს სფერო ძალიან დაცულია, ყველას გიდობის უფლება არ აქვს. ამას საკმარისი კვალიფიკაცია სჭირდება, ამას სწორი ისტორიის ცოდნა სჭირდება, რომ ჩვენი ქვეყნის შესახებ სწორი ინფორმაცია მიაწოდოს. აუცილებელია გიდების მიმართულებით რეგულაციები, აღრიცხვა და სერტიფიცირება. ჩვენც, როდესაც ნებისმიერ ქვეყანაში ჯგუფები მიგვყავს, თუნდაც აზიის ქვეყნებშია, არ გვაქვს უფლება, რომ ჯგუფი ატარო ისე, რომ არ დაიქირაო ადგილობრივი კომპანიის მომსახურებას, იქნება ეს ტრანსფერები, ავტობუსი თუ ადგილობრივი გიდი“, - განაცხადა თამარ ჩხიკვაძემ.

ცნობისთვის, უცხოელი და ქართველი გიდების სავალდებულო რეგისტრაციის ამოქმედება 2025 წლის 1 ივნისიდან იგეგმებოდა. თუმცა „ტურიზმის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, ეს ვალდებულება დამატებით ერთი წლით გადავადდება და ძალაში 2026 წლის 1 ივნისიდან შევა ძალაში. ეს კი იმ ფონზე, როდესაც გიდების სავალდებულო რეგისტრაცია გასული წლის დეკემბერში 6 თვით ვადით უკვე გადავადდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები