მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უცხოელი გიდების აკრძალვა დაგვიანებულიც კი არის - ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა პროფკავშირი

გიორგი თეთრაძე

საქართველოს ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე გიორგი თეთრაძე უცხოელი გიდების მუშაობის აკრძალვას დადებითად აფასებს.

როგორც მან BMG-სთან განაცხადა, სექტორი ამ მოთხოვნას დიდი ხნის განმავლობაში აყენებდა.

საქმე ისაა, რომ მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელები საქართველოში გიდებად ვეღარ დასაქმდებიან, ხოლო ტურისტებისთვის სამთო, ალპური და სათხილამურო გამყოლების სერვისის მიმწოდებლებისთვის წლიური 200 კვოტა განისაზღვრა. აღნიშნულს ითვალისწინებს "შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესი", რომელიც საქართველოს მთავრობამ გამოსცა.

"2023 წლის სექტემბერში ოფიციალურად უკვე დაარსდა ჩვენი პროფკავშირი და იმ დღიდან გვქონდა სწორედ ეგ ძირითადი მოთხოვნა, რომ საქართველოში აკრძალულიყო უცხო ქვეყნის მოქალაქე გიდების მუშაობა. ეს ცვლილება ძალიან აუცილებელია და დაგვიანებულიც კი. დადებითად ვაფასებ მეც და ზოგადად ჩვენს სფეროში დასაქმებული აბსოლუტური უმრავლესობა ამ ცვლილებას",- ამბობს გიორგი თეთრაძე.

ის ხაზს უსვამს შეზღუდვის რეალურად აღსრულების მნიშვნელობას.

"მარტო კანონის მიღება არ არის, რა თქმა უნდა, მთავარი არის აღსრულება. მქონდა კონტაქტი და ველოდები უშუალოდ ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრის ჩანიშვნას, სადაც უკვე დეტალურად მივიღებ ინფორმაცია, თუ როგორ მოხდება ამ კანონის აღსრულება.

გამომდინარე ამ საკითხის აქტუალობიდან და საჭიროებიდან, და რახან მიღებული არის ეს კანონი, მოლოდინი არის კიდევაც, რომ აუცილებლად მოხდება აღსრულება, კონტროლი",- ამბობს პროფესიული კავშირის თავმჯდომარე.

კითხვაზე, ხომ არ გამოიწვევს უცხოელი გიდების აკრძალვა რიგი მიმართულების, მათ შორის აზიელი ტურისტების მომსახურების ნაწილში პრობლემებს, გიორგი თეთრაძე ამბობს, რომ ამ ნაწილში ადგილობრივი გიდების ნაკლებობაა, თუმცა არსებობს პრაქტიკა, რომელიც ამ საკითხს მოაგვარებს.

"ცალკე თურქულენოვანი, ცალკე ჩინურენოვანი გიდი დავუშვათ ვიღაცას მიეცეს უფლება, ვიღაცას არ მიეცეს, ასე ვერ გამოვყოფთ, ხომ? კანონი არის ყველასათვის კანონი. ეს იქნება გამოწვევა მთელი ჩვენი სფეროსთვის. მიუხედავად იმისა, რომ გვყავს ჩინურენოვანი გიდები, რა თქმა უნდა არ ეყოფა ეს ყველაფერი. არის რამოდენიმე ასოციაციაც, ორგანიზაციაც, სადაც ხდება ენის შესწავლა და გადამზადება, თუმცა ეგეც არ იქნება საკმარისი. მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვეულებრივად, როგორც არის მიღებული პრაქტიკა — არც ერთ ქვეყანაში არ ჰყავთ ყველაენოვანი გიდი. ამიტომ, ყოველთვის მიღებული პრაქტიკაა და არაფერი მაგაში უცხო არ არის: ყველა ჯგუფს მოჰყვება თავისი ერთ-ერთი ტურ-ლიდერი, რომელმაც იცის შეიძლება რუსული, შეიძლება ინგლისური, გერმანული, ფრანგული ან რაღაცა სხვა ენა, რომლის გიდების ნაკლებობაც ჩვენ არ გვაქვს",- აღნიშნავს გიორგი თეთრაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები