კომპანია „თბილი სახლის“ მმართველი პარტნიორის ბესიკ ქავთარაძის ინფორმაციით, უცხოელი სტუდენტები ხანგრძლივად ცხოვრებისთვის თბილისში ჰოსტელის ტიპის სასტუმროებს ქირაობენ, რომლის ფასი ბინის ქირასთან შედარებით დაბალია.
როგორც „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას ქავთარაძემ განაცხადა, იჯარის საშუალო ფასი მიმდინარე სასწავლო წლის დაწყებისთვის თბილისში 8-14$-ის ფარგლებშია, რის გამოც ადგილობრივი სტუდენტებისთვის ბინის დაქირავება გაცილებით ხელსაყრელია რუსთავში.
„დიღომს და საბურთალოს თუ ავიღებთ, საფასო პოლიტიკა თითქმის ერთიდაიგივეა, საშუალო ფასი კვადრატულზე 8-დან 14 დოლარამდეა.
რადგან თბილისში ადგილობრივი სტუდენტებისთვის ბინის შოვნა ფასიდან გამომდინარე ფაქტობრივად შეუძლებელია, ქირაზე მოთხოვნა გაიზარდა რუსთავში. თუ თბილისში საშუალო ფასი 8$-ია, რუსთავში 4$-ს არ აღემატება. იჯარის ფასის ზრდამ ასევე გამოიწვია ე.წ. „რუმმეითის“ ტენდენციის გააქტიურებაც.
რაც შეეხება უცხოელს სტუდენტებს, აქაც საინტერესოდ იცვლება ვითარება. ბოლო თვენახევარში შემოდის დაკვეთები, როცა ისინი ეძებენ ჰოსტელის ტიპის სასტუმროებს 7,8,10 ნომრიანებს, სადაც უფრო ბიუჯეტურად შესახლდებიან. ამის ორგანიზებას ერთი პირი აკეთებს და შემდეგ აქირავებს მისივე ქვეყნის მოქალაქეებზე.
გრძელ ვადაში ვფიქრობ, რომ ეს ბაზარი სწორედ ამ მიმართულებით, ე.წ affordable housing-ის მიმართულებით განვითარდება. რაც დრო გავა ფასი მეტად გაიზრდება და როცა სტუდენტი ვერ მოახერხებს იჯარის გადახდას, მოხდება მსგავსი ტიპის პროექტების შექმნა“, - განაცხადა ქავთარაძემ.