"ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი, ცოტნე ჯაფარიძე ამბობს, რომ "ბლექ სი არენაზე" დაგეგმილ კონცერტებს ტურიზმზე ეფექტი არ აქვს. მისივე თქმით, კონცერტები უნდა ტარდებოდეს ისეთ ადგილებზე, სადაც გაზაფხულის და ზაფხულის სეზონზე ვიზიტორების სიმცირეა, რასაც ვერ ვიტყვით აჭარაზე, რომელიც ამ დროს ისედაც დატვირთულია.
“ეს კონცერტები უფრო მეტად მიმართულია ადგილობრივებზე, შემთხვევით თუ დაემთხვა ტურისტი, რომელიც იმ დროს ბათუმშია. ბათუმი ამ პერიოდში ისედაც დატვირთულია და დამატებით ამ ტერიტორიაზე ხალხის მიზიდვა, ჩემი აზრით, არ არის გამართლებული. ჯობია, დავხარჯოთ ფული და გავაკეთოთ ღონისძიება ისეთ ადგილებზე, სადაც ხალხი ავტომატურად არ ჩადის და ამით შეძლებ რომ მოიზიდო ვიზიტორი. ზაფხულის პერიოდში აჭარას დამატებითი რეკლამა არ სჭირდება და თავისით მუშაობს ისედაც", - აღნიშნა ცოტნე ჯაფარიძემ და დასძინა, რომ კონცერტების გამართვის კარგი ლოკაცია ამ მხრივ ანაკლია იქნებოდა.
"ანაკლია დღეს მოჩვენებათა ქალაქს ჰგავს. არადა იქ ინფრასტრუქტურაც იყო და კონცერტების გამოცდილებაც გვქონდა, როცა ფესტივალი GEM Fest-ი ტარდებოდა. ეს ფესტივალი არასწორი მენეჯმენტის გამო ყოველწლიურად სავარაუდო კორუფციული გარიგებების გამო უარესდებოდა. არადა, ამ ფესტივალს ჰქონდა ძალიან დიდი პოტენციალი, რომ შავი ზღვის აკვატორიაში ერთ-ერთ ყველაზე მაგარ ფესტივალად ჩამოყალიბებულიყო.
ანაკლიაში აჭარასთან შედარებით უფრო კარგი კლიმატიცაა, პლაჟიც უფრო ქვიშიანია, ვიდრე ქვიანი. ინფრასტრუქტურაც უკვე მოწყობილი იყო, რაც ეხმარებოდა ადგილობრივებს რომ გაექირავებინათ ბინები... მაღაზიებს, კაფეებს ემუშავა. ადგილზე, სადაც არაფერი არ იყო, წარმოიშვა დამატებითი შემოსავლის წყარო. პოპულარიზაციის კუთხით, მეზობელი ქვეყნებიდან ძალიან ბევრი ხალხი ჩამოდიოდა, თუმცა ისევ ჩვენი უნიათობის გამო, ეს ფესტივალი აღარ არსებობს.” - აღნიშნა "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელმა ცოტნე ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, "სტარინგ ჯორჯიას" სახელმწიფო სუბსიდირებით "ბლექ სი არენაზე" OneRepublic-ის, Jungle-ის და Scorpions-ის კონცერტებია დაგეგმილი.
გასულ წელს სახელმწიფომ ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით 13 მილიონი ლარი დახარჯა. მხოლოდ შარშან "სტარინგ ჯორჯიას" ფარგლებში მთავრობა 150 000 სტუმარს და ტურიზმის მიმართულებით 150 მილიონი ლარის დამატებით შემოსავლებს ელოდებოდა, თუმცა რა ოდენობის შემოსავლის მიღება შეძლო სახელმწიფომ და იყო თუ არა ეს საპირწონე იმ თანხის, რაც არტისტების ჩამოყვანაზე დაიხარჯა, უცნობია.