მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცხოური ბანკები აუცილებლად გაიგებენ თუ ქართული ბანკები სანქცირებულ პირებს მოემსახურებიან - შურღაია

შურღაია

ყოფილი ბანკირი ნიკოლოზ შურღაია მიიჩნევს, რომ უცხოური ბანკები, რომლებიც ქართული ბანკების საკორესპონდენტო პარტნიორები არიან, აუცილებლად დაინტერესდებიან, ემსახურებიან თუ არა ქართული ბანკები სანქცირებულ პირებს. ნიკოლოზ შურღაია BMG-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ პირის სანქცირება ნიშნავს იმას, რომ ბანკმა კონკრეტული პირის მომსახურება სრულად უნდა შეწყვიტოს და არ მოხდეს ისეთი შემთხვევა, რომ სანქცირებულ პირს შეეზღუდოს მხოლოდ დოლარის და ევროს ოპერაციების განხორციელება და ლარში საბანკო სერვისებით სარგებლობა შეეძლოს.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკმა აშშ-ის სანქციებთან დაკავშირებით განცხადება 18 სექტემბერს გაავრცელა, სადაც სებ-მა გასულ წელს, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სანქცირების შემდეგ მიღებული საგამონაკლისო წესზე მიუთითა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეთა წინააღმდეგ სანქციები მოქმედებს მხოლოდ ქართული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის შემდგომ. თუმცა, ნიკოლოზ შურღაია აღნიშნავს, რომ აღნიშნული წარმოადგენს ბანკების წინაშე დაყენებულ მოთხოვნას, რომ მათ საერთაშორისო სანქციები დაარღვიონ, რის შემთხვევაშიც თავად ეს ბანკები და საქართველოს ეკონომიკა დაზიანდება.

"თავს წარმოაჩენენ პატრიოტებად, ვითომ საქართველოს მოქალაქეებს იცავენ. თუ ეროვნული ბანკი რაიმეს მოიმოქმედებს ბანკების საწინააღმდეგოდ, ეს იქნება იმისკენ მოწოდება, რომ მომავალში ბანკებმა სანქციები არ დაიცვან.

თუკი მოვემსახურებით ლარებში და არა დოლარსა და ევროში, ეს არის საერთაშორისო სანქციების სულისკვეთების დარღვევა, თუკი უცხოური ბანკები, რომლებიც საკორესპონდენტო ანგარიშსწორების პარტნიორები არიან, გაიგებენ და ამას აუცილებლად შეეკითხებიან, ამათ რაიმე ოპერაციები გაუკეთეთ და ბანკის თანამშრომლები ვალდებული არიან თქვან სიმართლე, მე მოვუწოდებ ყველა სამართალდამცავ სტრუქტურას და ეროვნულ ბანკსაც, რომ ნუ ჩააყენებენ ამ ბანკების თანამშრომლებს რთულ მდგომარეობაში და ნუ მოახდენთ მათზე ზეწოლას," - განაცხადა ნიკოლოზ შურღაიამ.

16 სექტემბერს აშშ-ის ხაზინამ საქართველოს 4 მოქალაქე, მათ შორის ორი მაღალჩინოსანი - შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი, ზვიად ხარაზაშვილი (ხარება) და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური დაასანქცირა. აშშ-ის ხაზინა აღნიშნავს, რომ აღნიშნული პირები ჩართული იყვნენ მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობაში, ადამიანების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასა და მოქალაქეთა დაშინებაში. აშშ-ის სანქციები ასევე შეეხოთ პრორუსული მოძრაობის “ალტ-ინფოს” ლიდერებს კონსტანტინე მორგოშიას და ზურაბ მახარაძეს, რომლებიც 2021 და 2023 წლებში აქტიურად მონაწილეობდნენ ძალადობრივ შეკრებაში, რომელთა მიზანსაც საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა წარმოადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები