მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცხოური ბანკები საქართველოთი შესაძლოა, მოგებიანობის მარჟის გამო დაინტერესდნენ - შოთა ბერეკაშვილი

ბერეკაშვილი

უცხოური ბანკები საქართველოთი შესაძლოა, საბანკო სექტორში არსებული მოგებიანობის მარჟის გამო დაინტერესდნენ, - თვლის „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებების ერთ-ერთი ავტორი შოთა ბერეკაშვილი.

როგორც მან BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ უცხოურ ბანკს საკმარისად მაღალი საერთაშორისო რეიტინგი აქვს, - მაგალითად, Fitch-ის BB ან კიდევ უფრო მაღალი, - მას ჩვენს ქვეყანაში ბარიერები აღარ უნდა ხვდებოდეს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ბაზარი მცირეა, შოთა ბერეკაშვილი მიიჩნევს, რომ ქართულ საფინანსო სექტორში არსებული მოგებიანობის მარჟა შესაძლოა, ახალი მოთამაშეებისთვის მიმზიდველი აღმოჩნდეს, რაც საბოლოოდ მომხმარებლისთვის - მეტ არჩევანს, ბაზარზე კი კონკურენციის ზრდას უზრუნველყოფს.

ცვლილებების თანახმად, საქართველოში უცხოური ბანკის ფილიალის ან შვილობილი კომპანიის დაფუძნება და საბანკო ლიცენზიის მიღება გამარტივებული წესით იქნება შესაძლებელი. თუ ბანკი სანდო ქვეყნის ტერიტორიაზე საქმიანობს და საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს ეროვნული ბანკისთვის მისაღები ან უფრო მაღალი საკრედიტო რეიტინგი.

ცვლილებების პროექტის ერთ-ერთი ავტორი პოტენციურ სანდო ქვეყნებად თურქეთს, ყაზახეთს, ჩინეთსა და ინდოეთს ასახელებს.

“ჩვენი მიზანია, კონკურენცია იყოს უფრო მეტად ჯანსაღი, კონცენტრაციის დონე იყოს დაბალი, მოთამაშეების რაოდენობა - ბევრი და შესაბამისად, მომხმარებელს ჰქონდეს მრავალფეროვანი არჩევანი. ეს არის ძირითადი მიდგომა და პრინციპი.

რაც შეეხება ფინანსურ სექტორს, გვქონდა ასეთი კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებდა, რომ განვითარებული ქვეყნების ბანკებს ჰქონდათ გამარტივებული ლიცენზიის აღების შესაძლებლობა. ახალი კანონით ჩვენ ეროვნულ ბანკს მივეცით დისკრეცია, თვითონ განსაზღვროს სანდო ქვეყნების და ბანკების ჩამონათვალი და თავისი დისკრეციის ფარგლებში გამარტივებული პირობებით მისცეს ლიცენზია იმ ბანკსა და იმ ქვეყანას, რომელიც სანდო ქვეყნების რიცხვში იქნება.

რატომ არის ეს უკეთესი? პირადად მე მიმაჩნია, რომ განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების კლასიფიკაცია არასწორია და ეს მე-20 საუკუნის ტერმინია; მეორე - არიან ქვეყნები, რომლებიც სწრაფად ვითარდებიან და მათი ეკონომიკები ნომინალურ გამოხატულებაში ძალიან დიდია, მაგრამ ისინი არ მიეკუთვნებიან განვითარებული ქვეყნების კლასს. არ მიმაჩნია სწორად, რომ ასეთი ქვეყნებისთვის ბაზარზე შემოსვლისთვის უფრო მეტი ბარიერები იყოს, ვიდრე, მაგალითად, ევროპული ბანკებისთვის არის.

პოტენციურად, ასეთი ქვეყნები შეიძლება, იყოს თურქეთი, ყაზახეთი, ჩინეთი, ინდოეთი და ა.შ. - ანუ ყველა ის ქვეყანა, რომელიც თავისი ბანკების სტაბილურობით სანდო ქვეყნებს მიეკუთვნება, მაგრამ დღევანდელი - ძველი რეგულაცია გამარტივებული წესით ლიცენზიის აღების საშუალებას არ აძლევდა.

ჩვენ რომ საქართველოს ბანკზე ან TBC-ზე ვისაუბროთ, რომელთა საერთაშორისო რეიტინგი არის BB (Fitch-ის რეიტინგით), რომელიც საშუალოზე მაღალია და თუკი საქართველოში ისეთ ბანკს უნდა შემოსვლა, რომ იგივე Fitch-ის რეიტინგით არის BB ან მეტი, რატომ არ უნდა ჰქონდეს მას შესაძლებლობა, რომ გამარტივებული წესით მიიღოს ლიცენზია?! ამაზეა აქ საუბარი. ჩვენი მიდგომა ის არის, რომ მეტი კონკურენცია მეტ შესაძლებლობას ქმნის და ჩვენს მომხმარებელს აქვს მეტი არჩევანი", - აცხადებს ბერეკაშვილი.

კითხვაზე, რამდენად დაინტერესდებიან საქართველოს ზომის ბაზრით ხსენებული ქვეყნების ბანკები, ცვლილებების ავტორი ასე გვპასუხობს:

"ბაზრის სიდიდე ერთი კომპონენტია, როდესაც ესა თუ ის ფინანსური ინსტიტუტი გადაწყვეტილებას იღებს, მაგრამ აქ ასევე არსებობს ის, თუ რამხელაა მოგებიანობის მარჟა, რომელიც შესაძლებელია, მიმზიდველი იყოს. საერთო ჯამში, ჩვენ პროცესს შესაძლებლობა უნდა მივცეთ. ეს არ არის, რომ კანონი მივიღეთ და უკვე შედეგს მოგვცემს. ეს კანონი გვაძლევს საშუალებას, რომ შესაძლებლობები გამოვიყენოთ”, - აცხადებს ბერეკაშვილი.

საქართველოში მოქმედი ბანკების მოგება 2026 წლის 9 თვეში 2.9 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკით, 2026 წლის იანვარ-სექტემბრის ფინანსური მაჩვენებლებიდან ირკვევა, რომ მოგება წლიურ ჭრილში 480 მილიონი ლარით, ანუ 20%-ით არის გაზრდილი. ამასთან, 19 ბანკიდან 15 მოგებაზეა, 4 კი - ზარალზე.

ბანკებიდან ყველაზე მაღალი - 1.44 მილიარდი ლარის მოგება "საქართველოს ბანკს" აქვს (წლიურად 20%-ით არის გაზრდილი). მეორე ადგილზეა "თიბისი ბანკი" 1.06 მილიარდი ლარით (+18% წინა წელთან შედარებით), მესამე პოზიციას კი 110 მილიონი ლარით (+38%) "ბაზისბანკი" იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები