„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნაცვლად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური განახორციელებს.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ფიზიკური პირი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ პოლიტიკური პარტიის, პოლიტიკური პარტიის წევრის, საარჩევნო სუბიექტის ან გაცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნების მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგისთვის საჭირო ინფორმაცია და რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში არ გამოცხადდება, შეიძლება, მაგისტრატი მოსამართლის მიერ დაიკითხოს.
კანონპროექტი პარლამენტში დღეს შევიდა და მისი დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
დოკუმენტის თანახმად, კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის განკუთვნილი ასიგნებებიდან.
ამასთან, კანონპროექტს შესაძლოა გავლენა ჰქონდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმ თანამშრომლებზე, რომლებიც შესაძლოა განთავისუფლდნენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ფუნქციის გაუქმების გამო.
კანონპროექტში ასევე წერია, რომ იგი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.




























