მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცხოური გრანტების ელექტრონული რეესტრი 10 ივლისიდან ამოქმედდება - ანტიკორუფციული ბიურო

რაჟდენ კუპრაშვილი

უცხოური გრანტების ელექტრონული რეესტრი – სპეციალური ვებგვერდი 10 ივლისიდან ამოქმედდება. ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიურო იტყობინება. უწყების ცნობით, საიტზე რეგისტრაციის მსურველებმა უნდა შეავსონ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა, დარეგისტრირება კი ნებაყოფლობითია.

მონიტორინგისას, ანტიკორუფციული ბიურო იხელმძღვანელებს ვებგვერდზე ატვირთული ინფორმაციით, რაც უწყების განცხადებით, დაინტერესებული მხარეებისთვის დაზოგავს დროს და თავიდან აგვაცილებს რიგ გაუგებრობებს.

„აუცილებელია ხელი შევუწყოთ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც კეთილსინდისიერად მუშაობენ და პირნათლად ასრულებენ თავიანთ სამუშაოს. მე მზად ვარ მქონდეს კომუნიკაცია როგორც თქვენთან, ასევე დონორებთან და ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან. გამჭვირვალე მუშაობა ნიშნავს, რომ თქვენი საქმიანობა და პროექტების ზეგავლენა კიდევ უფრო ხილვადი გახდება. ეს არის შანსი, აჩვენოთ თქვენი წვლილის მნიშვნელობა საქართველოს მომავლისთვის“ - განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა, რომელმაც 2 ივლისს საინფორმაციო შეხვედრა 150-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლისთვის გამართა.

როგორც შეხვედრაზე ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა აღნიშნა, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები მიზნად ისახავს არა შეზღუდვას, არამედ პროცესის გამარტივებასა და მეტი გამჭვირვალობის შექმნას.

ცვლილების თანახმად, გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების მონიტორინგს ახორციელებს ანტიკორუფციული ბიურო. ბიუროს უფლება აქვს, გამოითხოვოს ფინანსური ანგარიში, გამოჰკითხოს ფიზიკური პირი ამ კანონით დადგენილი წესით, გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები. თუ ინფორმაცია არ არის საჯარო, ბიუროს შეუძლია მიმართოს სასამართლოს.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის აპრილში "ქართული ოცნების" პარლამენტმა მიიღო "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები, რომელმაც დონორი ორგანიზაციები დაავალდებულა მთავრობას ხელშეკრულების პროექტი წარუდგინოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები