მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას" - ირაკლი კობახიძე სამძიმარს აქვეყნებს

კობახიძე ილია მეორე

ირაკლი კობახიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს. მისი განცხადებით, პატრიარქის გარდაცვალებით „დასრულდა უდიდესი ეპოქა დედაეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს ისტორიაში“.

პრემიერი ხაზს უსვამს ილია II-ის როლს ქვეყნისთვის გარდამტეხ პერიოდში და მას ერის ერთიანობის სიმბოლოს უწოდებს.

"მისი გარდაცვალებით დასრულდა უდიდესი ეპოქა ჩვენი დედაეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს ისტორიაში. უწმინდესის მწყემსთავრობის პერიოდი ჩვენი ქვეყნისთვის ურთულეს, გარდამტეხ წლებს დაემთხვა. ამ ისტორიულ გზაზე იგი მუდმივად რჩებოდა ერის სულიერ წინამძღვრად და ერთიანობის სიმბოლოდ. პატრიარქმა საკუთარი სიბრძნით, მოყვასისადმი სიყვარულით, უსაზღვრო მოთმინებითა და მიტევების უნარით შეძლო ჩვენს გულებში რწმენის განმტკიცება.

უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას. ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია. უფლის, სამშობლოსა და ადამიანისადმი უანგარო მსახურებით მან სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის უდიდეს მოღვაწეთა შორის.

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, წმინდა სინოდს, მღვდელმთავრებს, მრევლს და თითოეულ თანამოქალაქეს. ჩვენი და ყველა მომავალი თაობის ვალია, ღირსეულად გავუფრთხილდეთ ჩვენი სულიერი მამის უდიდეს მემკვიდრეობას.

საუკუნო იყოს მისი ხსენება", - წერს კობახიძე.

93 წლის ასაკში, საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე 17 მარტს საღამოს ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები