უვიზო რეჟიმის ამოქმედების ფაქტთან დაკავშირებით, 28 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტუდენტებთან, მეცნიერებთან, მედიის წარმომადგენლებთან და მთავრობის წევრებთან ერთად, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან უძველესი ცივილიზაციის დედაქალაქში - ათენში, შემდეგ კი, ევროპის პოლიტიკურ ცენტრში - ბრიუსელში უვიზოდ გაემგზავრება.
28 მარტს პრემიერ-მინისტრი ათენის კაპოდისტრიას სახელობის ეროვნულ უნივერსიტეტში გახსნის კონფერენციას- „საქართველო ევროპიდან ევროპამდე," რომელსაც ქართველი და ბერძენი პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მეცნიერები დაესწრებიან.
გიორგი კვირიკაშვილი შეხვედრას გამართავს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასთან. შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
ახალგაზრდებთან და მეცნიერებთან ერთად, პრემიერ-მინისტრი ათენის აკროპოლისს დაათვალიერებს.
იმავე დღეს, საქართველოს დელეგაცია ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც საქართველოს მთავრობის მეთაური ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან, ჟან-კლოდ იუნკერთან. მხარეები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენელთა პატივსაცემად, საქართველოს მთავრობის სახელით, ბრიუსელში საზეიმო მიღება გაიმართება.

























