საქართველოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოაქვს - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებშია მიღებული. პრემიერმა ისიც აღნიშნა, რომ არსებული გადაწყვეტილება ჩინეთიდან საქართველოში კიდევ უფრო მეტი ტურისტის ჩამოსვლას წაახალისებს. ღარიბაშვილის თქმით, ეს მისი ჩინეთში წარმატებული ვიზიტის ერთ-ერთი შედეგია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჩინეთთან პირველ ეტაპზე, ყოველ დღე ერთი რეისი იქნება, რაც ნიშნავს რომ კვირაში 7 რეისი შესრულდება. მინისტრის თქმით, ეს იქნება სამმხრივი ფრენა პეკინი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებით. ცნობისთვის, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2023 წლის 6 თვეში ქვეყანაში ჩინეთის 12,600 მოქალაქე შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 316%-ით მეტია. წლების მიხედვით, საქართველოს ყველაზე მეტი ჩინელი ვიზიტორი 2019 წელს სტუმრობდა, მაშინ ვიზიტორთა რაოდენობა 48 ათასს შეადგენდა. პანდემიის შემდეგ კი ჩინელი მოგზაურების რაოდენობა შემცირდა.