არავის სურს ქართველი ხალხის დასჯა - ამის შესახებ გადაცემა #რედაქტ2-ში საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა განაცხადა. ასე უპასუხა მან კითხვას - რა პოზიცია ექნება გერმანიას თუ საქართველოსთვის ევროკავშირი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე განიხილავს.
"ჩვენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მოგანიჭეთ, მას შემდეგ ურთიერთობა გაუარესდა, თან უჩვეულო სისწრაფით და ახლა კრიზისში ვართ. ვცდილობთ, გადავწყვიტოთ რა ვქნათ, გვსურს იქ დაბრუნება, სადაც აქამდე ვიყავით. არავის სურს ქართველი ხალხის დასჯა. ამის მიუხედავად უვიზო რეჟიმი არის დიდი პრივილეგია, ქვეყნების დიდ ნაწილს ევროპასთან უვიზო მიმოსვლა არ აქვს და ვიზა სჭირდებათ. ეს ნორმალური ვითარებაა, ქართველებს აქვთ ეს პრივილეგია. უვიზო რეჟიმი არის ევროპის ქვეყნებისთვის, რომლებიც არიან დემოკრატები, სადაც ადამიანის უფლებებს პატივს სცემენ და საიდანაც მიგრაციის პრობლემა არ გვაქვს. ამიტომ უნდა შევხედოთ კიდევ არის თუ არა ეს პირობები დაკმაყოფილებული. ამ პროცესში ვართ. გვიხარია ქართველი ხალხის ჩამოსვლა, მაგრამ თუ ქვეყანა იცვლის საკუთარ ფუნდამენტს, ასევე არის მიგრაციის საკითხი, მაშინ ეს თემა ხელახლა უნდა განვიხილოთ", - ამბობს პეტერ ფიშერი.
მიმდინარე კვირაში რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებამ [RFE/RL] გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი წლის ბოლოს ეცდება უფრო იოლი გახადოს უვიზო მიმოსვლის გაუქმება იმ 61 ქვეყანასთან, რომლებიც ამჟამად ამ რეჟიმით სარგებლობენ. RFE/RL-ის ინფორმაციით, ევროკავშირი ბევრად უფრო მკაცრი ხდება სავიზო ლიბერალიზაციის მიმართ, ერთი მხრივ ევროკავშირი ამკაცრებს ბრძოლას არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ. ამავე დროს, სურთ, სავიზო პოლიტიკა ზეწოლის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენოს.