მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხე პირდაპირ უკავშირდება კონკრეტული პირების პასუხისმგებლობას - საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირი

ვიზალიბერალიზაცია

"საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი კონსტიტუციის 78 მუხლი" აცხადებს, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხე პირდაპირ უკავშირდება კონკრეტული პირების პასუხისმგებლობას, რომლებიც სისტემურ უკუსვლას უწყობენ ხელს და არ ასრულებენ ევროკომისიის რეკომენდაციებს.

პროფკავშირი ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის მე-8 ანგარიშს ეხმიანება, რომლის თანახმადაც, მეორე ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუკი ხელისუფლება პრობლემებს არ მოაგვარებს.

ორგანიზაციაში ხაზს უსვამენ ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობას და აღნიშნავენ, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერება არ უნდა გავრცელდეს საქართველოს მთელი მოსახლეობისთვის, არამედ მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლაზე.

"საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი ყურადღებით ეხმიანება ევროკომისიის 2025 წლის მერვე ანგარიშს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის შესახებ. ანგარიშში გამოთქმულია სერიოზული შეშფოთება საქართველოში სისტემური უკუსვლის, მმართველობისა და კანონის უზენაესობის, კორუფციის წინააღმდეგ გატარებული არაეფექტური ღონისძიებებისა და ვიზების შესაბამისობის სფეროებში. აღნიშნული უკუსვლა ქმნის საფრთხეს, რომ საქართველოს მთელი მოსახლეობა საბოლოოდ დაკარგავს ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს.

ჩვენ, როგორც საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფკავშირი, ხაზგასმით ვაცხადებთ:

  • უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხე პირდაპირ უკავშირდება კონკრეტული პირების პასუხისმგებლობას, რომლებიც სისტემურ უკუსვლას უწყობენ ხელს და არ ასრულებენ ევროკომისიის რეკომენდაციებს;
  • პარტიული ინტერესები და ეროვნულ სუვერენიტეტზე აპელირება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საერთაშორისო ვალდებულებების უგულებელყოფის საბაბად;
  • ქართული ოცნების მთავრობა ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს რეალური ზომები კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და დემოკრატიული სტანდარტების უზრუნველსაყოფად;
  • უვიზო რეჟიმის შეჩერება არ უნდა გავრცელდეს საქართველოს მთელი მოსახლეობისთვის, არამედ უნდა განხორციელდეს წერტილოვნად მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვეყანაში დემოკრატიისა და სისტემურ უკუსვლაზე. მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც პროტესტს გამოხატავენ რეჟიმის წინააღმდეგ, არ უნდა გახდნენ სასჯელის ობიექტი;
  • უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოსახლეობის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია ევროინტეგრაციის მრავალწლიან გზაზე. ეს მონაპოვარი არ უნდა შეეწიროს იმ უპასუხისმგებლო ჯგუფის ქმედებებს, რომელმაც ხელში ჩაიგდო ძალაუფლება.

ჩვენ ვავრცელებთ ამ განცხადებას ევროკომისიისა და სხვა შესაბამისი საერთაშორისო პარტნიორებისადმი, რათა ხაზი გავუსვათ საქართველოს მოსახლეობისათვის უვიზო მიმოსვლის პრივილეგიების შენარჩუნების მნიშვნელობას", - აღნიშნულია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები