"საქართველომ უმნიშვნელო წინსვლა განახორციელა მართლმსაჯულების სექტორის რეფორმირებაში; მნიშვნელოვანი გამოწვევები კვლავ რჩება მიღწეული წინსვლის განმტკიცებისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიმართულებით. სამოქალაქო საზოგადოებამ შეშფოთება გამოხატა სასამართლო სისტემასა და მედიის პლურალიზმზე პოტენციურ პოლიტიკურ ზეგავლენასთან დაკავშირებით. ადამიანის უფლებების და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის ეფექტიანი განხორციელება კვლავ გამოწვევად რჩება" - ეს არის ამონარიდი ევროკომისიის ანგარიშის ოფიციალური თარგმანიდან, რომელიც გუშინ ევროკავშირის წარმომადგენლობის პრესსამსახურმა გაავრცელა.
„უზენაესი სასამართლო არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინსტიტუტი არა მხოლოდ როგორც ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის სასამართლო, არამედ ის აგრეთვე წარმოადგენს სასამართლოსა და მართლმსაჯულების სისტემის სიმბოლოს“, - ეს არის ამონარიდი ღია წერილიდან, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს ბიზნესასოციაცია, საერთაშორისო სავაჭრო პალატა, ამერიკის სავაჭრო პალატა და ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭო. ყველაზე მსხვილი ბიზნესორგანიზაციების შეფასებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის წარმართვა სამართლიანი, გამჭვირვალე და განჭვრეტადი პროცესების გარეშე, კიდევ უფრო აღვივებს საქართველოს მართლმსაჯულებისა და სასამართლოების სისტემის უარყოფით აღქმას, რომელიც ბევრ დამკვირვებელს შორის უკვე არსებობს. „ეს ცუდია არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ უდაოდ ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციაზე, ბიზნესგარემოზე და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობაზე”, – ნათქვამია ღია წერილში.
სტუმრები: ფადი ასლი - საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე;
სანდრო ჭუმბურიძე - ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტი;
ჯორჯ ველტონი - ამერიკის სავაჭრო პალატის აღმასრულებელი დირექტორი


































