ქართული წარმოშობის მქონე უზბეკმა სპეციალისტმა ტიმურ კაპაძემ, რომელმაც უზბეკეთის ფეხბურთის ისტორია დაწერა და ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანა, შესაძლოა მოახლოებული მუნდიალის წინ ნაკრები დატოვოს.
ერთ-ერთი უზბეკური გამოცემის ცნობით, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები უკვე აწარმოებენ იოჰიმ ლიოვთან მოლაპარაკებებს და უახლოეს მომავალში გერმანელ მწვრთნელთან შეთანხმებას მიაღწევენ. ლიოვის დარიგებული გერმანიის ნაკრები 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და 2021 წელს, ანუ მას შემდეგ რაც ეს პოსტი დატოვა, ამ დრომდე უმუშევარია.
რაც შეეხება კაპაძეს, მას ქართული მხოლოდ წარმოშობა აქვს და ეროვნებით უზბეკია - ამ ქვეყნის უპირველესი გუნდი კი იანვარში ჩაიბარა, როდესაც სრეჩკო კატანეცი შეცვალა. მისი მწვრთნელობის პერიოდში გამართული ხუთი მატჩიდან გუნდს ჯერჯერობით ერთიც არ წაუგია და მუნდიალის საგზურიც სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოიპოვა.
ამ გამარჯვებისთვის კი უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკათ მირზიიოევმა თითოეული ფეხბურთელი და სამწვრთნელო შტაბის წევრი ჩინური წარმოების ახალი ელექტრომობილებით დააჯილდოვა. საერთო ჯამში გაიცა დაახლოებით 40-დან 50-მდე BYD-ის ელექტრომობილი, რომელთაგან თითოეულის ღირებულება დაახლოებით 30,000-დან 50,000 ევრომდე მერყეობს.




























