მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უზბეკეთისთვის მნიშვნელოვანია ქართულ სატრანსპორტო სისტემასთან კარგად იყოს ინტეგრირებული - ინვესტიციების სააგენტოს დირექტორი

უზბეკეთი

უზბეკეთისთვის მნიშვნელოვანია კარგად იყოს ინტეგრირებული ქართულ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სისტემასთან - ამის შესახებ BMG-სთან ინტერვიუში უზბეკეთის ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორი აცხადებს.

მანსურჯონ რასულევი ამბობს, რომ უზბეკეთის მთავრობა აქტიურად მუშაობს საქართველოსთან ამ მიმართულებით, ამასთან, უზბეკური მხარე საქართველოს ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში საინვესტიციო შესაძლებლობებს იკვლევს.

„თუ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რით არის დაინტერესებული უზბეკური ბიზნესი და უზბეკეთი, როგორც ქვეყანა, საქართველოთი, ერთი მთავარი ასპექტი, რომელიც ხაზგასასმელია, ესაა ლოგისტიკა. საქართველო შუა დერეფნის ნაწილია, თქვენი ქვეყანა კარიბჭეა შავ ზღვაზე გასასვლელად, საიდანაც შეგიძლიათ მაგალითად წახვიდეთ ბულგარეთის პორტებში და შემდეგ შეხვიდეთ ევროპულ ბაზარზე. ასე რომ, უზბეკეთისთვის გადამწყვეტია, კარგად იყოს ინტეგრირებული ქართულ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სისტემასთან. შემთხვევითი არ არის, რომ უზბეკეთის მთავრობა აქტიურად მუშაობს საქართველოს მთავრობასთან ამ მიმართულებით. ბიზნესიც აქტიურად იკვლევს საინვესტიციო შესაძლებლობებს ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში, საწყობებში, პორტებში, სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში. ბევრი რამ არის, რაც ჯერ კიდევ შესასწავლია ამ სფეროში“, - აცხადებს მანსურჯონ რასულევი.

უზბეკეთის ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორი ასევე აცხადებს, რომ როგორც საქართველო, ასევე უზბეკეთი შუა დერეფნის მნიშვნელოვანი რგოლია. მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ დერეფნის მონაწილე ქვეყნებმა ინფრასტრუქტურა განავითარონ.

„თუ რუკას დახედავთ და ნახავთ, რომელ ქვეყნებში გადის შუა დერეფანი, ნახავთ, რომ ჩვენ გვაქვს კასპიის ზღვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ გჭირდებათ ბორნები, რომლებიც საქონელს ყაზახეთიდან აზერბაიჯანში გადაიტანენ. როგორც მე მესმის ინდუსტრიის ექსპერტებისგან, ეს არის ის მიმართულება, სადაც ყველაზე მეტი სიმძლავრის გაზრდა უნდა მოხდეს. იგივეა გასაკეთებელი საქართველოს პორტებშიც, რადგან ეს არსებითად არის კარიბჭე რეგიონის იმ საქონლისთვის, რომელიც ტრანსპორტირდება თურქეთში საქართველოდან ან შავი ზღვის გავლით დანარჩენ მსოფლიოში. ასე რომ, ამ სიმძლავრის გაზრდა პარალელურად კასპიის ზღვის სიმძლავრის გაზრდასთან, რაზეც აზერბაიჯანის და ყაზახეთის მთავრობები აქტიურად მუშაობენ, გადამწყვეტია.

უზბეკეთი აქტიურად არის ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში, არის კარეკის და შუა დერეფნის ინიციატივის ნაწილი და აქტიურად ლობირებს ამ პროექტს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. ერთ-ერთი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ახლა აქტიურად ახორციელებს კაპიტალის განთავსებას ამ პროექტში, ესაა ევროპის საინვესტიციო ბანკი, რადგან ევროპასაც დიდი ინტერესი აქვს შუა დერეფნის მიმართ“, - აღნიშნავს მანსურჯონ რასულევი.

ცნობისთვის, ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი მიმდინარე წლის ივლისში უზბეკეთის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, უზბეკეთში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, უზბეკურმა მხარემ ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის განვითარების პროცესში მონაწილეობის ინტერესი გამოხატა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები