„აჭარა ტრეიდინგ გრუპის“ დამფუძნებლის კახა შავაძის ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე ციტრუსის მოსავალი, სავარაუდოდ, 60–65 ათას ტონას მიაღწევს. მისი თქმით, ამ ეტაპზე პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელია. შავაძე მანდარინის ექსპორტის გეოგრაფიაზე საუბრობს და ამბობს, რომ წელს სავარაუდოდ ტრადიციულ ბაზრებს უზბეკეთიც დაემატება.
“წელს გაცილებით უკეთეს მოსავალს ველით, ვიდრე ეს შარშან იყო. რაოდენობრივად, მოსავალი 60-65 000 ტონის ფარგლებში იქნება. ამავე დროს მინდა ვთქვა, რომ ხარისხობრივი მაჩვენებელიც ჯერჯერობით კარგია და ვიმედოვნებთ, რომ ნაყოფის საბოლოო ფორმირებისათვის მწიფობისას სასურველი ამინდები იქნება.
ექსპორტის გეოგრაფია, რომ გითხრათ დიდად გაფართოვდათქო, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი. ერთადერთი ის არის, რომ უზბეკეთის ბაზარი ცოტა გამოცოცხლდა, აქ იყო ბიუროკრატიის პრობლემა. უზბეკურმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენი პროდუქტის, თავის საზღვრებში იმპორტი უფრო გამარტივებულად დაუშვა. ვფიქრობ, რომ უზბეკეთის ბაზარზე მატება იქნება.
თუკი სწორი მარკეტინგული კამპანია გატარდება და ტრანსპორტირება იქნება შესაძლებელი ექსპორტი ნებისმიერ ქვეყანაშია შესაძლებელი. ამაში ალბათ საელჩოები თუ დაეხმარებიან მეწარმეებს კარგი იქნება”, - ამბობს „აჭარა ტრეიდინგ გრუპის“ დამფუძნებელი კახა შავაძე.
საქართველოში ციტრუსის კრეფის სეზონი იწყება. მოსავლის დაბინავებისთივს ქობულეთში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი გახსნა. საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი გადამმუშავებელი საწარმო ჩაიბარებს, ხოლო არასტანდარტულ ნაყოფს ქობულეთის ორი საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით გადაამუშავებს.
არასტანდარტული მანდარინის გადამუშავებისთვის სუბსიდია წელსაც გაიცემა. კერძოდ, აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, არასტანდარტული (სამრეწველო გადამუშავების) მანდარინის სუბსიდია 35 თეთრი იქნება, დამატებით 5 თეთრს კი გადამმუშავებელი საწარმო გადაიხდის, რაც საერთო ჯამში 40-თეთრიან ფასს განსაზღვრავს.




























