უზბეკეთის ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატური ცვლილებების მინისტრი აზიზ აბდუჰაკიმოვი ამბობს, რომ უზბეკეთში შთაგონების წყაროდ იქცა საქართველოს პროგრესი ტურიზმის სფეროში. მან ამის შესახებ ტურიზმის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
„ჩვენ შევიკრიბეთ, რომ აღვნიშნოთ მსოფლიო ტურიზმის დღე და ვაღიაროთ, რამდენად ლამაზია ჩვენი დედამიწა. თუმცა ამავდროულად, უნდა გავაცნობიეროთ, რომ მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა და მშვიდობა.
ტურიზმი უფრო მეტია, ვიდრე - მოგზაურობა. ეს არის ხიდი, რომელიც გვაერთიანებს, საზღვრებს გვიხსნის, გამოცდილებას გვაძლევს კულტურულ დიალოგსა და ცხოვრების ახალ სტილზე. უზბეკეთში შთაგონების წყაროდ იქცა საქართველოს პროგრესი ტურიზმის სფეროში, განსაკუთრებით სტრატეგიის შემუშავების ნაწილში, ასევე - საქართველოს უვიზო მიმოსვლის პოლიტიკა, თანამშრომლობა კერძო სექტორთან“, - განაცხადა თავის გამოსვლაში უზბეკეთის ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატური ცვლილებების მინისტრმა.
ცნობისთვის, მსოფლიო ტურიზმის დღეს საქართველო წელს პირველად მასპინძლობს.