მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უზბეკეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ქვეყნების სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას გააძლიერებს - მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი
03.07.26 15:55
589

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უზბეკეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ქვეყნების სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას გააძლიერებს. ამის შესახებ მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტი შეჯამებისას განაცხადა. მის კომენტარს უწყება ავრცელებს.

„უზბეკეთის პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახლდათ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ განცხადებას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და გააძლიერებს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით,“ - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

უწყების ხელმძღვანელმა ასევე ყურადღება გაამახვილა ცენტრალური აზიის რეგიონთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით არსებულ პოტენციალზე.

„საქართველოსთვის პრიორიტეტულია ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება და გაძლიერება, განსაკუთრებით დაკავშირებადობის კონტექსტში. საქართველოს როლი და პოტენციალი მათთვისაც საინტერესოა. დღეს მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება ამ ქვეყნების განვითარებისთვის და, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ურთიერთობები უფრო გაძლიერდეს, გაღრმავდეს და ამ ურთიერთობების გაძლიერება ფართო რეგიონისთვის იყოს სასიკეთო. შესაბამისად, ვიზიტი პრეზიდენტის დონეზე, რა თქმა უნდა, საუკეთესო შესაძლებლობაა, რომ ყველა მიმართულებით ურთიერთობები გავაღრმაოთ ჩვენს ქვეყნებს შორის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში დასრულდა.

უზბეკეთის პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გააცილა.

სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა უზბეკეთის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში. ირაკლი კობახიძემ და შავკატ მირზიოევმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების შესახებ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები