დღეს ამოქმედებულ ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა არ შედგა - აღნიშნულ ინფორმაციას "საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა" ავრცელებს.
6-ჯერ გადავადების შემდეგ, დღეიდან ამოქმედდა ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი, რომელიც ითვალისწინებს დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებას შეზღუდულ და ნებაყოფლობით რეჟიმში, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულების, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების ვადის გადაწევას 2025 წლის პირველ ივლისამდე.
ვაჭრობის პირველ დღესთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ დღეს ვაჭრობა არ შედგა, რაც მყიდველების და გამყიდველების ფასებს შორის განსხვავებამ განაპირობა. ბირჟის განცხადებით, 2 ივლისის 18:00-19:00 პერიოდში ელექტროენერგია ხელმისაწვდომი იყო 140.51 ლარი/მგვტ.სთ (14.051 თეთრი/კვტ.სთ) ფასად, ხოლო მყიდველი მზად იყოს გადაეხადა არაუმეტეს 122.75 ლარი/მგვტ.სთ (12.275 თეთრი/კვტ.სთ). მსგავსი სურათი იყო სხვა საათებისთვის.
ამასთან, 2024 წლის 1 ივლისს ვაჭრობისათვის (2024 წლის 2 ივლისის ფიზიკური მიწოდების დღისთვის) რეგისტრირებული იყოს ოთხი მონაწილე, რომელთაც შესაძლებლობა ჰქონდათ განეთავსებინათ ელექტროენერგიის ყიდვის/გაყიდვის განაცხადები დღით ადრე ბაზარზე. ბირჟის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ბაზრის მონაწილეები არიან: სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, შპს ენერჯი დეველოფენტ ჯორჯია, შპს რიცეულაჰესი და შპს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია.
"რეგისტრირებულმა მონაწილეებმა განათავსეს შესაბამისი განაცხადები. მიუხედავად იმისა, რომ მიწოდების დღის ყოველი საათისთვის არსებობდა მზადყოფნა ელექტროენერგიის როგორც ყიდვაზე, ასევე გაყიდვაზე, ვაჭრობა არ შედგა, რადგან ელექტროენერგიის გამყიდველების მიერ შეთავაზებული ფასი იყო უფრო მაღალი, ვიდრე მყიდველების გადახდაზე მზადყოფნა", - აცხადებენ „საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაში".