მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაჭრობა, FDI, ფულადი გზავნილები, ტურიზმი - როგორია საქართველო-იტალიის ეკონომიკური ურთიერთობები?

ვაჭრობა

"ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იტალიაში გაემგზავრა, სადაც საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. როგორც მთავრობის ადმინისტრაცია იუწყება, ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე დაესწრება ასევე საზეიმო მიღებას, რომელიც საქართველოს გენერალური საკონსულოს ინაუგურაციისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გაიმართება.

საქართველო-იტალიას შორის ეკონომიკური კავშირები წლების განმავლობაში ვითარდება. ბოლო 5 წელიწადია, როგორც ქვეყნებს სავაჭრო ურთიერთობები, ასევე ტურიზმისა და იტალიიდან ფულადი გზავნილების მაჩვენებლები დადებითი დინამიკით ხასიათდება. რაც შეეხება იტალიელი ბიზნესმენებისა და ინვესტორების მიერ საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა დარგებით დაინტერესებას, ამ მხრივ პირდაპირი იტალიური ინვესტიციების მოცულობა არც ისე დიდია.

FDI

იტალიიდან საქართველოში შემომავალი პირდაპირი ინვესტიციები წლების განმავლობაში უმნიშვნელოა. მაგალითისთვის 2014 წელს იტალიური ინვესტიციების მოცულობა $1.1 მლნ-ის შეადგენდა. ყველაზე დიდი ინვესტიციების შემოდინება 2004, 2005, 2006 წლებში ფიქსირდებოდა. მაშინ იტალიიდან ქვეყნის ეკონომიკაში $31.7 მლნ, $22.1 მლნ, $57.5 მლნ ჩაიდო. ამის შემდეგ FDI-ს მოცულობა ხან იზრდებოდა, ხან კი იკლებდა.

2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში პირდაპირი იტალიური ინვესტიციის სახით სულ 601.8 ათასი დოლარი შემოვიდა, მაშინ როდესაც 2024 წლის I კვარტალში ეს მოცულობა 1 მილიონ 84 ათას დოლარს შეადგენდა.

სავაჭრო ბრუნვა

საქართველო-იტალიის ვაჭრობის მაჩვენებელი დადებითია, განსაკუთრებით პანდემიური პერიოდის შემდეგ. 2024 წელს კი ქვეყნები სავაჭრო ურთიერთობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 470.5 მლნ დოლარამდე გაიზარდა. წლიურ ჭრილში იმპორტ-ექსპორტის დინამიკა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსთან ასეთია:

  • 2024 წელი - $470.5 მლნ;
  • 2023 წელი - $411 მლნ;
  • 2022 წელი - $349.5 მლნ;
  • 2021 წელი - $306.7 მლნ;
  • 2020 წელი - $217.9 მლნ;

სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა მიმდინარე წლის იანვარ-მარტში, რამაც 162 მილიონ 884 ათასი დოლარი შეადგინა. ზრდა წლის ამ პერიოდში 9.6% იყო. ექსპორტს სავაჭრო ბრუნვაში მცირე წილი უკავია. იანვარ-მარტში ეს რიცხვი გაორმაგებულია და 25 მილიონ 449 ათას დოლარს შეადგენს. ამ პერიოდში იტალიაში გაყიდული საქონლის დიდი ნაწილი ადგილობრივ ექსპორტზე მოდის, შესაბამისად უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებს შორისაც რეიტინგში პირველ ადგილზე ადგილობრივად წარმოებული პროდუქტია.

2025 წლის 4 თვეში იტალიაში ექსპორტირებული საქონლის TOP-5-ეული ასეთია:

  1. შავი ლითონის მილები და მილაკები - $7.8 მლნ, 8 604 ტონა;
  2. ფეროშენადნობები - $6.4 მლნ, 5 789 ტონა;
  3. თხილი და სხვა კაკალი - $5.9 მლნ, 862 ტონა;
  4. აზოტოვანი სასუქები - $2.6 მლნ, 9 715 ტონა;
  5. დაწებებული ფანერები - $913 ათასი, 859 ტონა;

იმის გათვალისწინებით, რომ ვაჭრობაში იმპორტს ძირითადი ადგილი უკავია, იანვარ-აპრილში საქართველოდან სხვადასხვა დასახელების საქონლის შესაძენად იტალიაში 137 მილიონ 434 ათასი დოლარი გავიდა. იმპორტირებული საქონლის რეიტინგში კი პირველ ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებენ. წლის ამ პერიოდში TOP-5 იმპორტირებული საქონლის რეიტინგი ასე გამოიყურება:

  1. მსუბუქი ავტომობილები - $10.8 მლნ, 62 ცალი;
  2. სატვირთო ავტომობილები - $10.2 მლნ, 168 ცალი;
  3. მცენარეები, კალმები და გადანაწვენები - $4.7 მლნ, 1 073 ტონა;
  4. საშუალებები თმებისთვის - $3.8 მლნ, 533 ტონა;
  5. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $3.7 მლნ, 63 ტონა;

გარდა ამისა იტალიიდან შემოგვაქვს ასევე გათბობის ქვაბები, ჭურჭლის სარეცხი მანქანები, რეზინის ფეხსაცმელი, მოსაპირკეთებელი ფილები, ყავა, კოსმეტიკური საშუალებები, სპაგეტი და მაკარონი და ა.შ.

ფულადი გზავნილები

უცხოეთიდან საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მიხედვით, იტალია ქვეყნებს რეიტინგში გასული წლის მიხედვით, აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილს იკავებდა. 2024 წელს ეს რიცხვი 8.3%-ით 567 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. წლის განმავლობაში ჯამში 1 708 400 გზავნილი გადმოირიცხა.

2025 წლის იანვარ-აპრილში კი იტალიიდან 575 900 გზავნილით ჯამში 191.2 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილი გადმოირიცხა. ამ პერიოდშიც ქვეყნების რეიტინგში ევროკავშირის ეს ქვეყანა აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზეა. 2024 წლის ამავე პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობა 182 მილიონი დოლარი იყო.

ტურიზმი

პანდემიის შემდეგ იტალიიდან ქვეყანაში შესრულებული ვიზიტების დინამიკა დადებითია და იზრდება. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იტალიიდან საქართველოს ტურიზმმა 2019 წლის მონაცემებს [21 424 ვიზიტი] ჯერ ვერ გადააჭარბა, რაც იმას ნიშნავს, რომ პანდემიამდელი რეკორდული მაჩვენებელი არ აღმდგარა და 7.1%-ით ჩამორჩება.

2024 წელს საქართველოში იტალიიდან 19 895 ვიზიტი შესრულდა, ეს კი გასული წლის რიცხვებს 24.6%-ით აღემატება. 2025 წლის პირველ კვარტალში კი იტალიიდან შესრულებული ვიზიტების რაოდენობა 10.1%-ით 4 170 ვიზიტამდე გაიზარდა.

ეს მაჩვენებელი პანდემიამდელ პერიოდშიც მზარდი იყო. ბოლო 5 წლის დინამიკა წლების მიხედვით ასეთია:

  • 2024 წელი - 19 895 ვიზიტი;
  • 2023 წელი - 15 961 ვიზიტი;
  • 2022 წელი - 9 269 ვიზიტი;
  • 2021 წელი - 3 803 ვიზიტი;
  • 2020 წელი - 3 722 ვიზიტი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები