მაკა ბოჭორიშვილი, სტამბოლში თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაქან ფიდანს შეხვდა. შეხვედრა საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა. საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, სექტორული თანამშრომლობა და მისი გაღრმავების პერსპექტივები მიმოიხილეს.
ამასთან, დღესვე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი თურქეთის ელჩს საქართველოში, მუსტაფა თურქერ არისს შეხვდა. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილეს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საექსპორტო პოტენციალის მქონე აგრარულ პროდუქციაზე, კერძოდ — ქართულ თხილზე, თაფლსა და ღვინოზე. გარდა ამისა, საუბარი შეეხო თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას სოფლის მეურნეობის, ნარჩენების მართვის, სატყეო და სამთო-მოპოვებით სექტორებში.
bm.ge დაინტერესდა, როგორია საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირი მეზობელთან, რომელიც
ვაჭრობა
მიმდინარე წლის 4 თვეში საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 18.4%-ით 1.09 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
ექსპორტმა 192.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ზრდა 92.6%-ია.
საქართველოდან თურქეთში გაყიდული TOP-10 სასაქონლო ჯგუფი
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 64.1 მლნ აშშ დოლარი;
- ტრიკოტაჟის ნაწარმი, მანქანით ან ხელით ნაქსოვი - 31.5 მლნ აშშ დოლარი;
- ფეროშენადნობები - 20.6 მლნ აშშ დოლარი;
- სპილენძის ნარჩენები და ჯართი - 10.2 მლნ აშშ დოლარი;
- ალუმინის ნარჩენები და ჯართი - 7.5 მლნ აშშ დოლარი;
- მამაკაცის კოსტუმები, კომპლექტები, ტრიკოტაჟის ნაქსოვი - 6.08 მლნ აშშ დოლარი;
- კოსტუმები, კომპლექტები და სხვა მამაკაცისა ან ბიჭისა - 4.9 მლნ აშშ დოლარი;
- პერანგები და კვართები ტრიკოტაჟისა, ნაქსოვი, მამაკაცისა ან ბიჭისა - 3.5 მლნ აშშ დოლარი;
- ალუმინი დაუმუშავებელი - 3.5 მლნ აშშ დოლარი;
- რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები - 3.1 მლნ აშშ დოლარი.
იმპორტმა 903.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ზრდა 9.4%-ია.
თურქეთიდან საქართველოში იმპორტირებული TOP-10 სასაქონლო ჯგუფი
- დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 67.1 მლნ აშშ დოლარი;
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 56.8 მლნ აშშ დოლარი;
- წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - 48.7 მლნ აშშ დოლარი;
- მსუბუქი ავტომობილები - 23.7 მლნ აშშ დოლარი;
- სარეცხი და საწმენდი საშუალებები - 18.4 მლნ აშშ დოლარი;
- შავი ლითონის მილები, მილაკები და ღრუ პროფილები - 17.2 მლნ აშშ დოლარი;
- ავეჯი სხვა და მისი ნაწილები - 13.9 მლნ აშშ დოლარი;
- მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან და მათი ნაწილები - 13.9 მლნ აშშ დოლარი;
- ელექტროენერგია - 13.6 მლნ აშშ დოლარი;
- ფილები მერქან-ბურბუშელის - 12.1 მლნ აშშ დოლარი.
FDI
2025 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით თურქეთი გაერთიანებული სამეფოს შემდეგ მეორეა 180.8 მლნ აშშ დოლარით. 2024 წელთან შედარებით ზრდა 38.9%-ია.
- 2020 წელი: $80.3 მილიონი;
- 2021 წელი: $96.9 მილიონი;
- 2022 წელი: $56.0 მილიონი;
- 2023 წელი: $107.1 მილიონი;
- 2024 წელი: $110.3 მილიონი;
- 2025 წელი: $180.8 მილიონი.
ტურიზმი
2026 წლის I კვარტალში საქართველოში უცხო ქვეყნებიდან, ყველაზე მეტი თურქეთის მოქალაქე სტუმრობდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათი რაოდენობა 238 368 არის, რაც 2025 წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით 5.8%-ით მეტია.
რაც შეეხება გასულ წელს სრულად, ამ შემთხვევაში თურქეთი მეორეა რუსეთის შემდეგ და საქართველოში 1.2 მლნ თურქეთის მოქალაქის ვიზიტი შედგა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წელს საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 4.69 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, 6%-ით მეტი, ვიდრე 2024 წელს. მეორე ადგილზეა თურქეთი 606 მლნ დოლარით, წლიურ ჭრილში კლება 1%-ს შეადგენს.
ფულადი გზავნილები
მიმდინარე წლის 4 თვეში თურქეთიდან საქართველოში 43.3 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა.
რაც შეეხება წლიურ მაჩვენებლებს, ეროვნული ბანკის მონაცემებით ასეთია:
- 2025 - 113.08 მლნ აშშ დოლარი;
- 2024 - 101.4 მლნ აშშ დოლარი;
- 2023 - 114.09 მლნ აშშ დოლარი;
- 2022 - 101 მლნ აშშ დოლარი;
- 2021 - 104.4 მლნ აშშ დოლარი.

























