სალომე ზურაბიშვილის თქმით, იგი მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონიალის შემდეგაც დარჩება პრეზიდენტად, ხოლო თუ რა გზით აპირებს ამას, ცნობილი 29 დეკემბერს გახდება.
The Rest is Politics-თან ინტერვიუში, კითხვაზე, რა გეგმა აქვს სალომე ზურაბიშვილს 29 დეკემბრისთვის, როდესაც ერთპარტიული პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია შედგება, ზურაბიშვილი პასუხობს, რომ ამ კითხვას არ უპასუხებს.
"ეს არის კითხვა, რომელსაც არ ვუპასუხებ. რადგან კვირის გეგმები, განსაკუთრებით მმართველი პარტიისთვის, კვირას უნდა გახდეს ცნობილი და არა მანამდე.
კვირის შესახებ მნიშვნელოვანია ის, რომ არალეგიტიმური არჩევნების და მთავრობის მიერ პარლამენტის ანტიკონსტიტუციური გზით შედგენის გამო, ეს არჩევნები და, შესაბამისად, ინაუგურაცია, არ არის კანონიერი. მე ვრჩები პრეზიდენტად და ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას - ეს უნდა იცოდეს ყველამ, დეტალები კი კვირას გახდება ცნობილი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერს, 11:00 საათზეა ჩანიშნული. როგორც მოსალოდნელია, ცერემონია პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაიმართება და მასზე დიპლომატიური კორპუსი მოწვეული არ არის.