საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Salt Projects-ი, რომელიც ვალერი ჩეხერიამ და ლევან ბერულავამ დააფუძნეს, სასტუმრო კომპლექსის ერთ პროექტს სომხეთშიც ახორციელებს.
პროექტის შესახებ BMGTV-ის გადაცემა "წერტილში" კომპანიის დამფუძნებლებმა ისაუბრეს. მათი ინფორმაციით, კომპლექსი ვაიოც ძორში შენდება, რომელიც სომხეთში მეღვინეობით განთქმული რეგიონია. პროექტის საინვესტიციო ღირებულება რამდენიმე ათეული მილიონი დოლარია.
ვალერი ჩეხერიას თქმით, სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა, სავარაუდოდ, მომავალი წლის მაისში დასრულდება.
„კომპლექსი შენდება ვაიოც ძორში [Վայոց Ձոր] - ეს არის მეღვინეობის ტრადიციებით განთქმული რეგიონი სომხეთში, როგორც ჩვენთან კახეთია. მთაგორიანი რეგიონია, მდიდარი ბუნებით და კანიონებით... პირველად როცა ჩავედით, გაგვახსენდა ის დრო, როცა „ყაზბეგი რუმსის“ შექმნას ვიწყებდით.
პროექტი წარმოშობით სომეხ ბიზნესმენს ეკუთვნის, რომელიც ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და ჩვენ დაგვიკავშირდა... მთელი აქცენტი კეთდება ღვინოზე, ასევე მოეწყობა სპა, საკონცერტო დარბაზი და ა.შ.
ჩვენივე რეკომენდაციით, პროექტზე ქართველი არქიტექტორი მუშაობს. ძალიან აღფრთოვანებულები ვართ, რომ სამეზობლოში ასეთი პროექტი დავიწყეთ“, - ამბობენ ვალერი ჩეხერია და ლევან ბერულავა და იმედი აქვთ, რომ მსგავს პროექტებზე შეკვეთას აზერბაიჯანიდანაც მიიღებენ.



საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Salt Projects-ი საქართველოსა და საზღვარგარეთ სტუმარმასპინძლობის სფეროში 6 პროექტს მართავს, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება რამდენიმე ასეული მილიონი დოლარია. აშშ, სინგაპური, იტალია, სომხეთი - ეს ის ქვეყნებია, სადაც საქართველოს გარდა, Salt Projects-ი ამჟამად მუშაობს. ვალერი ჩეხერია და ლევან ბერულავა მზად არიან, Salt Projects-ის პორტფელის გაზრდისთვის, რაც ახალი პროექტების შექმნა-განვითარებას ან არსებული სასტუმროების მართვას ნიშნავს.




























