მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვაკანსია - ქობულიას უწყება ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარეს ეძებს

5c2de38b174cc
თელარა გელანტია
03.01.19 15:20
1396
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარეს გამარტივებული კონკურსის წესით ეძებს.

Hr.gov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, განაცხადების მიღების ბოლო ვადა 9 იანვარია, რომლის შემდეგაც განაცხადებს გადაარჩევენ და კანდიდატებთან გასაუბრება შედგება.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის თანამდებობრივ სარგოდ განსაზღვრულია 5900 ლარი.

კანდიდატებს მოეთხოვებათ უმაღლესი განათლება, მაგრამ არაა მითითებული - რა სფეროში; ასევე, 7-წლიანი სამუშაო გამოცდილება, ინგლისური ენის ცოდნა (C2); საკონკურსო თემატიკას წარმოადგენს: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №1-1/66 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულება".

ასევე, კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: მუშაობის არანაკლებ 7 წლიანი გამოცდილება, მათ შორის, 3 წელი აუცილებლად შემდეგ კომპონენტებში - ინოვაციების სფერო/საინფორმაციო ტექნოლოგიები/ სტარტაპებთან მუშაობის გამოცდილება და სავალდებულოა, მენეჯერად მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;

ცნობისთვის: საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის ფუნქციებს წარმოადგენს:

საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნის და მისი განვითარების პროცესის კოორდინაცია;

ქვეყნის ინოვაციების და ტექნოლოგიების ერთიანი პოლიტიკის და სტრატეგიის განხორციელების პროცესის ხელშეწყობა და კოორდინირება;

მომსახურებების, ინსტრუმენტების, პროგრამების და ინფრასტრუქტურული პროექტების ფორმირების პროცესის კოორდინაცია კერძო და სახელმწიფო სექტორის მიერ ცოდნის, ინოვაციების და კვლევის შედეგების კომერციალიზაციისა და ინოვაციური მეწარმეობის ხელშეწყობისათვის;

ექსპორტზე ორიენტირებული ინოვაციების და ტექნოლოგიების, ინოვაციური საინფორმაციო ტექნოლოგიური პროდუქტების და მომსახურების, მათ შორის საექპორტო პროგრამირების განვითარების ხელშეწყობა;

მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის განვითარების და ინტერნეტის გამოყენების ეფექტიანობის ამაღლებისათვის დაგეგმილ მიზნობრივ პროგრამებში და პროექტებში სააგენტოს მონაწილეობის უზრუნველყოფა;

ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარების მიზნით ტრენინგების, სემინარების, სამუშაო შეხვედრების, უწყებათშორისი კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებების უზრუნველყოფა;

კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

ამჟამად, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობას ავთანდილ კასრაძე ასრულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები