მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაკეში ჯანსაღი კვების კაფე "დრო" გაიხსნა

638f1bef9294b
თინათინ ნატმელაძე
12.12.22 09:00
1852
ვაკეში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე ჯანსაღი კვების კაფე "დრო" გაიხსნა. კაფე კომპანია BCA healthy-ის შვილობილია, რომელიც ადამიანებს გახდომაში ეხმარება. კომპანიის თანადამფუძნებელმა გიორგი ვადაჭკორიამ BM.GE-სთან განაცხადა, რომ BCA healthy-ის მომხმარებლების მოთხოვნამ, რომ შექმნილიყო სივრცე, სადაც სასურველი შედეგის მიღებისთვის ჯანსაღად კვებას შეძლებდნენ, კაფე "დროს" შექმნის იდეა გააჩინა.

მისივე ცნობით, კერძების შექმნაში შეფებთან ერთად ნუტრიციოლოგებიც მონაწილეობენ და კაფის მთავარი ნიშაც სწორედ ესაა - ყველა კერძში ცილის, ცხიმის და ნახშირწყლის დაბალანსებული რაოდენობაა.

"ჩვენ გვაქვს კომპანია BCA healthy, რომელიც ადამიანებს გახდომაში ეხმარებათ და ამისთვის სპეციალურ კერძებს ქმნის. BCA healthy-ის მომხმარებლების სურვილმა, რომ შექმნილიყო სივრცე, სადაც სასურველი შედეგის მიღების შემდეგაც ჯანსაღად კვებას გააგრძელებდნენ, კაფე "დრო"-ს შექმნა გადაგვაწყვეტინა. ჩვენი კონცეფცია იმაში მდგომარეობს, რომ ვქმნით ჯანსაღ კერძებს, რომელიც არ არის მხოლოდ შაქრის ან გლუტენის გარეშე, აქ თვითონ ცილა, ცხიმი და ნახშირწყალი ისეა დაბალანსებული, რომ ორგანიზმმა საჭირო რაოდენობის ნუტრიენტები მიიღოს, ამ პროცესში შეფებთან ერთად ნუტრიციოლოგებიც არიან ჩართული და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მსგავს სერვისს საქართველოში მხოლოდ ჩვენ ვქმნით და ჩვენი კერძები გემრიელთან ერთად, სასარგებლოცაა", - განაცხადა გიორგი ვადაჭკორიამ.

მისივე თქმით, პირველადი აქტიურობა იმაზე მაღალია, ვიდრე ელოდნენ. გამოწვევებზე საუბრისას კი "დრო"-ს თანადამფუძნებელი ამბობს, რომ მთავარი სირთულე კერძებზე მომხმარებლებისთვის მისაღები ფასის დაწესება იყო.

"კერძებისთვის საჭირო პროდუქციის ფასი ძალიან გაიზარდა, თუმცა სულ ვფიქრობდი, რომ ჯანსაღი კვება ხელმისაწვდომიც უნდა ყოფილიყო, ამიტომ საკუთარი მოგების ხარჯზე ისეთი ფასები დავაწესეთ, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნებოდა. ამჟამად ჩვენი კერძები ფასი 6-14 ლარიდან იწყება, რაც ვფიქრობთ, რომ ჯანსაღი კვების სფეროში ყველაზე დაბალია", - აცხადებს გიორგი ვადაჭკორია.

ამჟამად კაფეში 14 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის არიან სტუდენტებიც და მისი თანადამფუძნებელი BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მაღალი ანაზღაურებისა და მოქნილი გრაფიკის შეთავაზებამ კვალიფიციური კადრების შოვნა გაუმარტივათ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გიორგი ვადაჭკორია გვიყვება, რომ მიტანის სერვისს აამოქმედებენ და აქტიურობის ზრდის შემთხვევაში, 6 თვის შემდეგ, ახალ ობიექტსაც დაამატებენ.

აღსანიშნავია, რომ კაფე "დროს" შესაქმნელად დამფუძნებლებმა და მათმა პარტნიორმა 150 000 ლარის ინვესტიცია განახორციელეს, - "ფართის ძებნის პროცესში წავაწყდით ადამიანს, რომელმაც იდეის გაცნობის შემდეგ ინვესტიციის ჩადება თავად გადაწყვიტა, ამას ჩვენი ფინანსებიც დავამატეთ და საერთო ჯამში ამ საქმეში 150 000 ლარი ჩავდეთ", - განმარტავს ვადაჭკორია.

ინფორმაციისთვის, BCA healthy ოთხი წელია ბაზარზე ოპერირებს, 4000-ზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, გასულ წელს კი Shark Tank-ში მენი ბენიშის პარტნიორი გახდა, რომელმაც კომპანიის განვითარებაში 90 000 ლარის ინვესტიცია ჩადო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები