ვაკის გამგეობა რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრები მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი 1 600 მოქალაქისათვის უფასო სასადილოებით მომსახურების შესყიდვას გამარტივებულად აცხადებს. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, სასადილოს მომსახურება განხორციელდება 1600 ბენეფიციარზე 61 კალენდარული დღის განმავლობაში - 2025 წლის 01 ოქტომბრიდან 2025 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. აღნიშნული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის ღირებულება 165 920 ლარია.
“მიმწოდებელმა საკვები ულუფები უნდა გასცეს გამგეობის მიერ ოფიციალურად გადაცემული ბენეფიციართა სიების მიხედვით. ბენეფიციარების მიერ საკვების მიღება დადასტურებული უნდა იყოს ელექტრონული აღრიცხვის მეთოდით. ხოლო ტექნიკური პრობლემების (ინტერნეტის და ქსელის შეფერხება, ელექტროენერგიის გათიშვა ან სხვა) არსებობის შემთხვევაში, აკინძულ, ზონარგაყრილ და გამგეობის ბეჭდითა და გამგებლის ხელმოწერით დამოწმებულ ჟურნალში ბენეფიციარების ხელმოწერით. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ბენეფიციართა გამოცხადებისა და მათ მიერ მომსახურების მიღების აღრიცხვის წარმოება”, - წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.
შემსყიდველი განმარტავს, რომ ვაკის რაიონის გამგეობის მიერ 2024 წლის 11 ნოემბერს „უფასო სასადილოების მომსახურების“ შესახებ გამოცხადებული სახელმწიფო ტენდერი გასაჩივრდა სამჯერ. შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და ვადების გათვალისწინებით, 2025 წლის 1 ოქტომბრისთვის ელ. ტენდერის ფარგლებში ხელშეკრულების გაფორმება ვერ ესწრება და საჭიროა მომსახურების გამარტივებულად შესყიდვა.
ცნობისთვის, სოციალური მომსახურების სააგენტოს აგვისტოს მონაცემებით, ვაკე-საბურთალოს რაიონში ჯამში 13 674 პირია საარსებო შემწეობის მიმღები. ცალკე ვაკეში რამდენი პირი იღებს სახელმწიფო დახმარებას, უცნობია.




























