გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის საგარეო დაბარებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. "ქართული ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ფიშერი ვენის კონვენციას არღვევს და "რადიკალური ოპოზიციის" ოპოზიციის ქმედებებშია ჩართული.
"24 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ზურაბაშვილის შეხვედრა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, პეტერ ფიშერთან.
შეხვედრაზე ელჩს განემარტა, რომ „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ 1961 წლის ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრი ვალდებულია, პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს, ამასთან, აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარის შეშფოთებას იწვევს ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობები, რაც, თავის მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის პრინციპებთან და ხელს უწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივებას. ასევე, შემაშფოთებელია ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო პროცესების პოლიტიზირების მცდელობები და ამ პროცესში ელჩების მონაწილეობა", - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




























