მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვალდებულები ვართ, თითოეული აბონენტი წელიწადში ერთხელ შევამოწმოთ" - "თბილისი ენერჯი"

თბილისი ენერჯი

"თბილისი ენერჯის" ტექნიკური დირექტორის მოადგილე განმარტავს, რომ მოქმედი რეგულაციით, გაზმომარაგების კომპანიას თითოეული აბონენტის საცხოვრებელში ქსელის მდგომარეობის წელიწადში ერთხელ შემოწმების ვალდებულება აქვს.

როგორც გიორგი ლეფსვერიძემ BMG-ს გაზმომარაგების კომპანიის ვალდებულებებსა და უფლებამოსილებაზე საუბრისას განუცხადა, აბონენტების შემოწმება წინასწარ შედგენილი გრაფიკით ხდება.

19 ნოემბერს ქვემო ფონიჭალაში ტრაგედია დატრიალდა: საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ შემთხვევამ გაზმომარაგების უსაფრთხოებისა და არსებული რეგულაციების საკითხი კვლავ დღის წესრიგში დააყენა.

გიორგი ლეფსვერიძის განმარტებით, გაზის სექტორში მოქმედი ყველა ლიცენზიანტის საქმიანობასა და ვალდებულებებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) კანონმდებლობა განსაზღვრავს.

"ჩვენ, სემეკის კანონმდებლობით, ვალდებულები ვართ, წინასწარ შემუშავებული გრაფიკის მიხედვით წელიწადში ერთხელ თითოეული ჩვენი აბონენტი შევამოწმოთ, შევიდეთ მათ კუთვნილ ბინებში, შევამოწმოთ როგორც გაზის ქსელი, ასევე დანადგარების განთავსების სისწორე და თუ რაიმე დარღვევას აღმოვაჩენთ, დაუყოვნებლივ, ადგილზევე უნდა მიიღონ ჩვენმა სპეციალისტებმა ზომები", - აღნიშნა მან.

"თბილისი ენერჯის" ტექნიკური დირექტორის თქმით, სპეციალისტების მხრიდან ყველაზე მკაცრი რეაგირება ღია წვის კამერიან წყალგამაცხელებლებსა და გამათბობლებზე ხდება, რომლებიც CO-ს დაგროვების კუთხით მომაკვდინებელ საფრთხეს წარმოადგენს. ასეთი მოწყობილობის აღმოჩენისთანავე დგება ოფიციალური აქტი და დანადგარი ქსელს დაუყოვნებლივ ეხსნება.

მისივე მტკიცებით, მართალია, კანონი კომპანიას განმეორებით მონიტორინგს არ ავალდებულებს, მაგრამ "თბილისი ენერჯი" საკუთარი ინიციატივით ახორციელებს გადამოწმებას.

"ეს უკვე ჩვენი კომპანიის კეთილი ნებაა, ასე ვთქვათ, კანონმდებლობა არ გვავალდებულებს - ამორჩევით, დარღვევის მქონე აბონენტებთან, სადაც უკვე ერთხელ ჩავჭერით დანადგარები, ხელმეორედ გადავამოწმებთ ხოლმე და თუ კიდევ იგივე სიტუაცია დაგვხვდა და იგივე დარღვევა, მთლიანად ვჭრით გაზმომარაგებას", - განმარტა გიორგი ლეფსვერიძემ.

ამასთან, მან სტატისტიკურ დინამიკასაც გაუსვა ხაზი: თუ 2019 წელს დედაქალაქში 80 000 სახიფათო დანადგარი ჩაიჭრა, მიმდინარე არასრული წლის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი თითქმის რვაჯერ შემცირდა და 13 000-ს შეადგენს.

"ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ინსპექტირებისას ბინების დაკეტილი კარებია. კომპანია მოსახლეობას გეგმური შემოწმების შესახებ თვეებით ადრე ატყობინებს, თუმცა რეალობაში ხშირია შემთხვევები, როდესაც მესაკუთრე სახლში არ იმყოფება ან დროებით მოგზაურობს. ასეთ დროს კომპანიას არ აქვს კანონიერი უფლება და ლოგიკური საფუძველი, გაზმომარაგება მთელს სადარბაზოს ან უდანაშაულო აბონენტს შეუწყვიტოს. ჩვენ ხომ არ ვიცით, რამდენი ხნით არის ჩაკეტილი ბინა, როდესაც ვამოწმებთ. ჩვენი სპეციალისტები უკავშირდებიან მესაკუთრეს... ვთქვათ, ორი კვირით ადამიანი წავიდა დასასვენებლად - მთელ ასბინიან კორპუსში ხომ არ უნდა გავთიშოთ გაზი?! სრულიად არალოგიკურია, რომ ჩამოვიდეს და გათიშული გაზი დახვდეს, გათბობისა და ცხელი წყლის გარეშე. აპრიორში ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ რახან ბინა დაკეტილია, იქ აუცილებლად დარღვევაა. თუმცა განზრახ არდაშვების შემთხვევებშიც ვიღებთ შესაბამის ზომებს", - განმარტა გიორგი ლეფსვერიძემ.

"თბილისი ენერჯის" ტექნიკური დირექტორის მოადგილის განცხადებით, უსაფრთხოების ფუნდამენტური გარანტია კანონმდებლობის გამკაცრება და ბუნებრივი აირის გაჟონვის დეტექტორების სავალდებულო წესით დაყენებაა.

როგორც ლეფსვერიძე აღნიშნავს, 2010 წლიდან მოქმედებს წესი, რომლის მიხედვითაც ახალაშენებულ კორპუსებში გაზი არ ირთვება, თუ იქ დეტექტორი და ელექტრომაგნიტური სარქველი (ელექტროონკანი) არ არის დამონტაჟებული - ამ სტანდარტით თბილისში უკვე დაახლოებით 200 000 აბონენტი სარგებლობს. კომპანიის პოზიციაა, რომ ეს ნორმა ძველ საცხოვრებელ ფონდზეც სავალდებულო კანონად უნდა იქცეს:

"ეს უნდა რეგულირდებოდეს კანონით, რომ ყველა გაზის მომხმარებელი, ვინც გაზს მოიხმარს, უნდა იყოს აღჭურვილი გაზის გაჟონვის დეტექტორით თავის ელექტროონკანთან ერთად", - დასძენს გიორგი ლეფსვერიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები