"ვალდორფის სკოლამ" საშობაო ბაზრობა გააუქმა. შესაბამის განცხადებას სკოლა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"დეკემბერში ამ დროს, ტრადიციულად, საშობაო ბაზრობისთვის ვემზადებით ხოლმე. საშობაო ბაზრობის მზადებაცა და საკუთრივ ბაზრობის დღეც ზეიმია - ხალისიანი, მხიარული, ხმაურიანი, ჟრიამულიანი. ახლა ქვეყანაში განსხვავებული ვითარებაა.
14 დეკემბერს საშობაო ბაზრობა გვქონდა დაგეგმილი. გვინდა, გაცნობოთ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება - წელს საშობაო ბაზრობა არ ჩატარდება.
დაგეგმილი ღია გაკვეთილებისა და საკლასო-შემეცნებითი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდიან კლასის მასწავლებლები და მზრუნველები.
იმედით, რწმენითა და უკეთესის მოლოდინით, სიყვარულით, ვალდორფის სკოლა", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, საშობაო ბაზრობა გააუქმა არაერთმა ორგანიზაციამ. მათ შორის "ბიბლუსმა" და "ფაბრიკამ". "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" განცხადებით კი, წელს საახალწლო ქარავანი არ იქნება.