მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვალების განულება და ივანიშვილის ჩართულობა - რატომ დაქვეითდა საქართველო დემოკრატიის ინდექსში

5c360d930dcd6
BM.GE
09.01.19 19:30
2180
დღეს ბრიტანულმა გამოცემა Economist-მა გლობალური დემოკრატიის ინდექსის განახლებული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ინდექსის მიხედვით, საქართველოს დემოკრატიულობის მაჩვენებელი 2018 წელს მკვეთრად გაუარესდა.

2018 წლის დემოკრატიის ინდექსში საქართველოს ქულა არის 5,5 როდესაც 2017 წელს საქართველოს ქულა 5,93 იყო. ეს რეგიონში ყველაზე დიდ ვარდნას წარმოადგენს.

საქართველოს მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუარესების მიზეზებს კვლევა დეტალურად განმარტავს: „საქართველოს მილიარდერი ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი მაისში პოლიტიკაში დაბრუნდა, განაახლა მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეობა და მიუხედავად იმისა, რომ არჩეული თანამდებობა არ უკავია, მთავრობის პოლიტიკა შეცვალა. პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ივნისში გადადგა და მისი გადაწყვეტილების მთავარ ინდიკატორად ივანიშვილთან უთანხმოებები დასახელდა. ბიძინა ივანიშვილის გავლენით, მთავრობა ასევე ჩაერია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, 600 000 მოქალაქისთვის ვალების ჩამოწერის ინიციატივით. ამან მთავრობას მნიშვნელოვანი უპირატესობა მიანიჭა საარჩევნო კამპანიაში ოპოზიციასთან შედარებით”, - წერია კვლევაში.

ინდექსის მიხედვით, საქართველოს რეგიონის ქვეყნების მაჩვენებლები ასეთია - რუსეთი 2.94 (ავტორიტარული რეჟიმი); სომხეთი 4.79 ქულა (ჰიბრიდული რეჟიმი); თურქეთი 4.37 ქულა (ჰიბრიდული რეჟიმი); აზერბაიჯანი 2.65 ქულა (ავტორიტარული რეჟიმი); უკრაინა - 5.69 ქულა (ჰიბრიდული რეჟიმი); ყაზახეთი - 2.94 ქულა (ავტორიტარული რეჟიმი).

2018 წლის დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, საქართველო კვლავ რჩება ჰიბრიდული რეჟიმის კატეგორიაში. მასთან ერთად ამ კატეგორიაში ხვდება დასავლეთ ბალკანეთი, უკრაინა, მოლდობა, სომხეთი და ყირგიზეთი. თუმცა, 2018 წლის მონაცემების მიხედვით, ევროპის ჰიბრიდულ რეჟიმებს შორის, დემოკრატიის ინდექსი ყველაზე მეტად სწორედ სომხეთმა გააუმჯობესა: მისი სარეიტინგო ქულა ერთი წლის განმავლობაში 4.11–დან 4.79–მდე გაიზარდა.

კვლევის მიხედვით, ჰიბრიდული რეჟიმები ჯამში 39 ქვეყანაშია, რაც კვლევაში მონაწილე ქვეყნების საერთო რაოდენობის (167 ქვეყანა) 23.4%–ს შეადგენს, ხოლო მსოფლიო მოსახლეობის 16.7%–ია. ამავე კვლევის მიხედვით დგინდება, რომ ქვეყნების უმრავლესობაში ე.წ. flawed democracy ანუ წუნდებული დემოკრატიაა. თუმცა საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ავტორიტარული რეჟიმების რაოდენობა მხოლოდ უმნიშვნელოდ (53 ქვეყანა) ჩამორჩება ამ მაჩვენებელს. ავტორიტარული რეჟიმი კვლევაში მონაწილე ქვეყნების 32.9%–შია, რაც მსოფლიო მოსახლეობის 43.2%–ს ფარავს. გამართული დემოკრატია მსოფლიოს მხოლოდ 12 ქვეყანაშია, რაც კვლევაში მონაწილე ქვეყნების 12%, ხოლო მსოფლიო მოსახლეობის 4.5%–ია.

ევროპის მასშტაბით, საქართველოს გარდა, დემოკრატიის ინდექსი მკვეთრად გაუარესდა იტალიაში, ავსტრიაში, უნგრეთში, თურქეთსა და რუსეთში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები