რუსეთის მიერ საქართველოსთან დაწესებული “ტურისტული ემბარგოს” შესახებ გადაცემა Forbes-ის კვირაში რუსეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ვალერი ჩეჩელაშვილმა ისაუბრა.
მისი განცხადებით, რუსეთს არ უნდა შეექმნას ილუზია, რომ საქართველო მის ხელთ არსებულ სამართლებრივ ბერკეტებს არ გამოიყენებს. ეს ბერკეტები კი, არის სამართლებრივი პროცესების დაწყება როგორიცაა სამოქალაქო ავაიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია (WTO) რადგან ამ ორივე ორგანოს გააჩნია დავების განხილვისა და გადაწყვეტის პლატფორმები.
ჩეჩელაშვილი ამბობს, რომ ეს ახლა ქართული დიპლომატიური სამსახურის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ამ პროცესის დაწყებაზე მუშაობა უნდა იყოს, თუმცა ამის ნაცვლად საზოგადოება ამ მიმართულებით სრულ პასიურობას ხედავს.
"დიპლომატიის მთავარი ამოცანა არის მოქმედების ველის გაფართოება და მოწინააღმდეგის მოქმედების არეალის შემცირება და შეზღუდვა.
ამ თვალსაზრისით არსებობს ორმხრივი თუ მრავალმხრივი ურთიერთობები. ჩვენ, ცხადია, ორმხრივ ურთიერთობებში საკმაოდ შეზღუდული ვართ, მაგრამ ჩვენ, ისევე როგორც რუსეთი, ვართ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, სამოქალაქო ავაიაციის საერთაშორისო სააგენტოს ICAO-ს წევრი, ასევე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი. ამ ორივე ორგანიზაციაში არის ძალიან კარგად და ნათლად ჩამოყალიბებული ინსტრუმენტები ორმხრივი დავების გადაწყვეტისთვის. სხვათა შორის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ეს ორმხრივი დავა შეიძლება მრავალმხრივ დავაში გადაიზარდოს, გააჩნია თუ რა ტაქტიკას აირჩევს საქართველოს მთავრობა, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობას არც ტაქტიკა და არც სტრატეგია არ გააჩნია,”- ამბობს ჩეჩელაშვილი.
ვალერი ჩეჩელაშვილის თქმით, თუ ახლა საქართველო არ შეეცდება, რომ მის ხელთ არსებული მექანიზმებით, რუსული ემბარგოს შესახებ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიპყროს, მაშინ ეს რუსეთისთვის იქნება სიგნალი, რომ მისთვის საქართველოსთვის სანქციების დაწესებას დიდი პოლიტიკური ზიანი არ მოყვება და მომავალში სხვა მიმართულებებით ემბარგოს უფრო თამამად გამოიყენებს.
“ჩვენი მხრიდან ICAO-ში ან WTO-ში განაცხადიც კი უკვე იქნებოდა რაღაც ნაბიჯი ამ მიმართულებით. რუსეთს არ უნდა შეექმნას ილუზია, რომ არ გამოვიყენებთ ჩვენ ხელთ არსებულ მექანიზმებს.
თუ ჩვენ ეს არ გამოვიყენეთ, შემდგომშიც ისე უტიფრად და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, უაპელაციოდ გადაწყვეტს იმას, რასაც უნდა და დაგვიწესებს ნებისმიერ სანქციებს.
ახლა არის პარადოქსული ვითარება, მთელი მსოფლიო რუსეთს უწესებს სანქციებს და რუსეთი გვიწესებს სანქციებს ჩვენ და თანაც გვაშანტაჟებს ამით. ეს არის აბსოლუტურად პარადოქსული ვითარება, რაც გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ ვერ ვაფასებთ ჯეროვნად იმ შესაძლებლობებს, რომლებიც გვაქვს შეძენილი ჩვენი წევრობით საერთაშორისო ორგანიზაციებში.
ფორმალური კონსულტაციების ჩატარების შემდეგ, თუ რუსეთი არ დათანხმდა იმას, რომ მოხსნას ეს უკანონო შეზღუდვები ჩვენი ავიაკომპანიებისთვის, მაშინ ეს გადადის დავების პანელზე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, მაგრამ იქ გაცილებით დიდი შანსი გვაქვს ჩვენ მოგების, ვინაიდან წინა ეტაპები გვექნება გავლილი და შესაბამისად, განწყობაც იქნება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შექმნილი.
თუ ჩვენ გავიმარჯვეთ არბიტრაჟში, მაშინ პრაქტიკიდან გამომდინარე, წაგებულ მხარეს ეძლევა გონივრული ვადა, ეს დაახლოებით, 15 თვეა, იმისთვის, რათა გამოასწოროს თავისი შეცდომები. 15 თვე არის აღებული იმიტომ, რომ რიგ შემთხვევებში საქმე გვაქვს რაღაც კანონმდებლობის შეცვლის აუცილებლობასთან, ამ შემთხვევაში ეს საქმე განსხვავებულია - პუტინმა ცალსახად მიიღო გადაწყვეტილება და ეს გააუქმა. ამიტომ, როგორც გააუქმა, ისევე შეიძლება ამ გაუქმების უკან წაღება, მაგრამ თუ ქვეყანა არ ასრულებს ამას - 90% ქვეყნების თანხმდება იმ შედეგბს, რაც გამოაქვს ოფიციალურ კონსულტაციებს, მაგრამ თუ არ დათანხმდა, მაშინ შესაძლოა ამ ქვეყნის წინააღმდეგ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ დააწესოს შესაბამისი სანქცია", - ამბობს რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ვალერი ჩეჩელაშვილი.

























