მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვალერი ჩეხერია: გადავწყვიტეთ, სასტუმროების პროექტები დროებით შევაჩეროთ

5f587aff786d7
ვიქტორია მღებრიშვილი
09.09.20 10:53
2074
„აჭარა ჯგუფის ჰოლდინგის“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელ ვალერი ჩეხერიას განცხადებით, ჰოლდინგმა პანდემიის გამო სტუმარმასპინძლობის მიმართულებით არსებული პროექტები დროებით შეაჩერა. ამის შესახებ მან BM.GE-ისთან ჰოლდინგის გეგმებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, სტუმარმასპინძლობის მიმართულება პანდემიის გამო, დღეისთვის თითქმის გაჩერებულია და ამ დროისთვის ვერ არის ისეთი აქტუალური, როგორც მანამდე იყო. ამიტომ გადავწყვიტეთ სასტუმროების და სტუმარმასპინძლობის მიმართულებით პროექტები რაც გვქონდა, დროებით შეგვეჩერებინა.

ძალიან რთულია ამ გადმოსახედიდან იმსჯელო როგორი იქნება შემოდგომა-ზამთარი. დაველოდებით როგორ განვითარდება მოვლენები - როდის გავიხსნებით, როგორი იქნება ახალი ტურისტული მიმართულებები, როდის აღდგება ფრენები და დაბრუნდება პანდემიამდე არსებული ტურისტული ბუმი. არ გვინდა, კონკრეტული ინვესტიციები განვახორციელოთ და თავისი შემოსავლები არ ჰქონდეს რომელიმე კონკრეტულ პროექტს“, - განაცხადა „აჭარა ჯგუფ ჰოლდინგის“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელმა.

ამასთან, ვალერი ჩეხერიამ აღნიშნა, რომ კომპანია "რუმსის" ბრენდის ქვეშ სასტუმროების გახსნას აბასთუმანსა და ბათუმში გეგმავდა და ამ პროექტებზე მუშაობა დღესაც მიმდინარეობს.

„აუცილებლად აქტიურად ვიმუშაოვებთ აბასთუმანში სასტუმროს ამოქმედების მიმართულებით. მიგვაჩნია, რომ ტურისტული ადგილები, როგორიც არის აბასთუმანი და სხვა, პანდემიის დასრულების შემდეგ ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი იქნება. შესაბამისად, ტურისტული სეზონისთვის მოვემზადებით, რომ დავხვდეთ გამართულად და ახალი სასტუმროთი.

აბასთუმანში სასტუმროს გახსნა „რუმსის“ ბრენდის ქვეშ იგეგმება, ვადებზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა დაფინანსებაზე პარტნიორ ბანკებთან ვმუშაობთ და იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში დავიწყებთ პროექტის განხორციელებას. პროექტის ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 12 მლნ დოლარი იქნება. გეგმაში გვაქვს, ასევე, ბათუმში სასტუმრო "რუმსის" გახსნა, თუმცა ისევ და ისევ მდგომარეობიდან გამომდინარე... დღეისთვის თუნდაც დაფინანსების მოპოვების საკითხი დროში უფრო გაწელილია...“, - უთხრა BM.GE-ის ვალერი ჩეხერიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები