ვიდეო თამაშების ინდუსტრიის გიგანტმა, Valve-მ ახალი თაობის სათამაშო მოწყობილობა Steam Deck OLED წარადგინა, რომელიც წინა მოდელთან შედარებით ფაქტობრივად ყველაფრით გაუმჯობესებულია.
წლის მთავარი სიახლე 7.4-იანჩიან მაღალი რეზოლუციის OLED ეკრანს უკავშირდება, რომელსაც 90Hz განახლების სიხშირე და 1,000-ნიტიანი სიკაშკაშე გამოარჩევს. გარდა ამისა, მოწყობილობის ბატარეა 50%-ით უფრო მეტი ხანი ძლებს და ის წინამორბედთან შედარებით უფრო მძლავრიცაა.
წლევანდელ მოდელში დაიხვეწა პროცესორიც და ის ამჯერად AMD-ის 6-ნანომეტრიან ტექნოლოგიას იყენებს, ნაცვლად 7 ნანომეტრისა. დაიხვეწა სათამაშო მოწყობილობის გაგრილების სისტემა, კორპუსის სტრუქტურა, დინამიკების ხარისხი, Wi-Fi-სა და Bluetooth-ის ტექნოლოგიაც.
Steam Deck 512GB-ის ღირებულება $550 შეადგენს; 1TB ვერსიის ფასი კი 650 დოლარია.
მოწყობილობას, სახელიდან გამომდინარე, Steam-ის პლატფორმაზე წარმოდგენილი 10,000-მდე კომპიუტერული თამაშის გაშვება შეუძლია და ის ერთგვარ ჰიბრიდს წარმოადგენს პერსონალურ კომპიუტერსა და სათამაშო კონსოლს შორის.
ცნობისთვის გეტყვით, რომ Valve-ს ისტორიაში ყველაზე წარმატებული ვიდეო თამაშები: Counter-Strike, Dota, Half-Life, Portal, Team Fortress და Left 4 Dead ეკუთვნის.