მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვამბობთ, რომ ბიუჯეტი 400 მლნ-მდე ლარს კარგავს, მაგრამ არანაირი ნაბიჯი არ იდგმება", - სხვიტარიძე

5cf68bab0efeb
ლიკა გურაბანიძე
05.06.19 10:17
2145
„მთავრობასთან კომუნიკაციის პრობლემას ვერ ვხედავ, გადაწყვეტილებების მიუღებლობის თემას კი, ვხედავ,“ - ამის შესახებ bm.ge-ის British American Tobacco Caucasus and Moldova-ს დირექტორმა იურიდიულ და კორპორატიულ საკითხებში ზვიად სხვიტარიძემ საქართველოში ავსტრიის ელჩის არად ბენკოს შეფასების კომენტირებისას განუცხადა.

საქმე იმაშია, რომ ელჩის თქმით, ავსტრიის მაგალითზე საუბრისას მათ მუდმივად უწევთ საქართველოში გადაწყვეტილების მიუღებლობის პრობლემასთან შეჭიდება; ამის შესახებ ავსტრიის ელჩმა იმ ფაქტორებზე საუბრისას აღნიშნა, რაც ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის, თუმცა გუშინ, 3 ივნისს ელჩმა ავსტრიის საელჩოს ოფიციალურ Facebook გვერდზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც დიპლომატი აღნიშნავს, რომ “პოლიტიკური გარემოს ახსნისას იყო გამოყენებული ცალკეული მოსაზრებები, რომლებიც შეიძლება არასწორად იქნას ინტერპრეტირებული.

ავსტრიელი დიპლომატი ირწმუნება, რომ ცალკეული განცხადებები კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი, ამიტომ BMG გეგმავს, უახლოეს მომავალში, ინტერვიუს სრული ვერსია ინგლისურ ენაზე გამოაქვეყნოს;

თუმცა იქამდე, bm.ge-მ გადაწყვიტა, კერძო სექტორისთვისაც ეკითხა, პრაქტიკაში რამდენად აწყდებიან გადაწყვეტილების მიუღებლობის პრობლემას, რომელიც ხშირად ბიუროკრატებთან ურთიერთობასაც უკავშირდება.

„კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს იმიტომ, რომ ჩვენ პირდაპირ კომუნიკაციაზე ვართ, როგორც - ფინანსთა სამინისტროსთან, ასევე სამთავრობო სტრუქტურებთან. შესაძლოა, კომუნიკაცია გქონდეს, მაგრამ გადაწყვეტილებები ვერ მიიღებოდეს. ვამბობთ, რომ აქციზი რადიკალურად გაიზარდა; ვამბობთ, რომ ყოველთვიურად საქართველოს ბიუჯეტი 33 მლნ-ს კარგავს, წლიურად კი - 400 მლნ-მდე ლარს, მაგრამ მიუხედავად ამისა, არანაირი ნაბიჯი არ იდგმება, რომ ან აქციზი შეამცირონ ან რამდენიმე წლიანი აქციზის გაზრდის გეგმა დადონ“, - განმარტა სხვიტარიძემ და დასძინა, 400 მლნ-მდე დანაკარგის ძირითადი მიზეზი გაზრდილი კონტრაბანდა და დაჭრილი თამბაქოა, რომელიც შემოდის და აქციზს არავინ იხდის.

ზვიად სხვიტარიძემ პრობლემებზე საუბრისას, მეორე საკითხად შიდაკომუნიკაციის თემა გამოყო და ამ მიმართულებით თბილისის მერიაზე ისაუბრა.

„შიდაკომუნიკაციების თემა, რომელიც მერიას პირდაპირ უკავშირდება - ჩვენ მათთან კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღების თემაა.
მაგალითად, იგივე როდესაც ვსაუბრობთ, რატომ უნდა იყოს მარკეტებსა თუ სუპერმარკეტებში ისეთ მახინჯ მდგომარეობაში ჩვენი თაროები, როგორშიც ახლაა და რატომ არ უნდა იყოს ისე, როგორც ეს არის იტალიაში, შვეიცარიაში, გერმანიაში, ჩეხეთში სლოვაკეთში და ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში. გადაწყვეტილებების მიღების პრობლემას უფრო ვხედავ ვიდრე კომუნიკაციის, ინფორმაციის გაცვლა ხდება, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღება არ ხდება“, - განმარტა სხვიტარიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები