“ვამზადებთ გეგმას, რომელიც დანერგვისთანავე მოახდენს გავლენას ბაზარზე,” - ამის შესახებ ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა „საქმის კურსთან“ განაცხადა.
მისი თქმით, ბაზრის შესწავლის და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე თვის ბოლოს საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებს წარუდგენენ, თუ სად და როგორ ხედავს პარლამენტი სამომხმარებლო ფასების შემცირების რესურსს.
"კომისიას მიაჩნია, რომ კომერციული ურთიერთობები გარკვეულ ჩარჩოში უნდა მოექცეს. შოთა ბერეკაშვილის თქმით, იარსებებს ორგანო, სავარაუდოდ კონკურენციის სააგენტოს სახით, რომელსაც ექნება მანდატი მონიტორინგი გაუწიოს იმ ქსელურ მარკეტებს, რომლებსაც განსაკუთრებით დიდი გავლენა აქვთ ბაზარზე. „მიგვაჩნია, რომ სექტორის გამჭვირვალობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბიზნესპროცესებს.
მე ამას რეგულირებას არ დავარქმევდი, უფრო დავარქმევდი მონიტორინგს, რადგანაც სექტორი დიდია და საქართველოს ეკონომიკის 20%-ზე მეტს წარმოადგენს. ამიტომ მნიშვნელოვანია სწორი მონიტორინგი, მნიშვნელოვანია ფინანსური დისციპლინა, რადგან ფინანსური დისციპლინა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს, რამდენად კარგად ფუნქციონირებს სექტორი.
ეს ნიშნავს, რომ ჯაჭვში არსებულ კომპანიებს შორის ურთიერთობები არის დაბალანსებული, აღარ გვექნება ასიმეტრია, დროულად მოხდება ფინანსური ანგარიშსწორება, რაც თავის მხრივ გამორიცხავს დამატებით ხარჯებს, რომელიც ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ არსებობს სექტორში. კონკრეტული სუბიექტები უპირატესობას, თავის სასარგებლოდ იყენებენ.
ჩვენ თუ ამას გავასწორებთ, გავაჯანსაღებთ პროცესს, გავხდით უფრო კონკურენტუნარიან სექტორს, მივიღებთ, რომ ის დამატებითი ფინანსური ხარჯები, რომელიც აწვებოდა ჯაჭვში არსებულ მეორე და მესამე რგოლს (ამ შემთხვევაში მხედველობაში მაქვს დისტრიბუცია, წარმოება და იმპორტიორები), აღარ შეიქმნება. ეს თავისთავად აღარ დააწვება ერთეულის ღირებულებას. რადგან საბოლოო ჯამში, როდესაც გაქვს ურთიერთობის ასიმეტრია და განსაკუთრებით ფინანსური, უფრო მეტი გადაჭარბებული ძალა, აქ ყოველთვის ხდება იმის ცდუნება, რომ ამა თუ იმ სუბიექტმა ეს თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.
ეს რომ არ მოხდეს, ჩვენ ვფიქრობთ, კარგი იქნება თუ იარსებებს ისეთი ორგანო, რომელიც მონიტორინგს გაუწევს ამ ურთიერთობებს და სადაც გადაჭარბებაა და დარღვევაა, ამ დავების განხილვა შესაძლებელი გახდება, რომ პროცესები გაჯანსაღდეს. ეს თავის მხრივ აისახება სექტორის წარმატებით ფუნქციონირებაზე.
არსებობს არაერთი მოდელი, რომელიც დაინერგა ევროკავშირში, როდესაც საკვები პროდუქტების ინფლაციაზე იყო საუბარი - დაწყებული რუმინეთი, უნგრეთი, საფრანგეთი, ხორვატია, საბერძნეთი, სერბეთი.
ჩვენ შევისწავლეთ ჩვენი ქვეყნის ბაზარი, სექტორი როგორ მუშაობს და ყველაზე კარგად ვისაც ეთანაბრებოდა, იმ ქვეყნის მაგალითების საფუძველზე ვამზადებთ გეგმას, რომელსაც გაგაცნობთ. გვექნება ისეთი ნაბიჯები გადასადგმელი, რომელიც გავლენას დანერგვისთანავე მოახდენს ბაზარზე და ასევე გვექნება საშუალო პერიოდის გეგმა, რომელიც სექტორს გააჯანსაღებს, გახდის უფრო კონკურენტუნარიანს, რაც შედეგობრივად აისახება სისტემურ ცვლილებებზე, ბაზრის სისტემურად გაჯანსაღებაზე, რაც თავისთავად აისახება ფასების სტაბილიზაციაზე. აპრილის ბოლოს მომზადებული გვექნება მთლიანი პროგრამა და რეკომენდაციის სახით გადავცემთ საქართველოს მთავრობას”,-აცხადებს “საქმის კურსთან” შოთა ბერეკაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ფასების საპარლამენტო კომისიამ“ ბაზრის შესასწავლად საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის დაქირავება გადაიფიქრა. ბერეკაშვილი ამბობს, რომ მიზეზი ინტერესთა კონფლიქტია.
“ის ოთხეული, დიდი აუდიტორული ოთხეული, ასევე ემსახურება სექტორში დიდ ოთხეულს, რომელიც არიან ქსელები. აქ არის ინტერესთა კონფლიქტი - არ შეიძლება ერთი მხრივ ემსახურებოდე ქსელს და მეორე მხრივ სექტორის ანალიტიკური კვლევა გააკეთო, იმიტომ რომ ყოველთვის შესაძლებელია აქ რისკი, რომ ტენდენციური გახდე შენი კლიენტის მიმართ, რომელიც არის ქსელი.
ამ შემთხვევაში ეს ძალიან გასაგები და ბუნებრივი პასუხი იყო. ჩვენ ამან ხელი არ შეგვიშალა არაფერში, ძალიან დიდი სამუშაო გააკეთა კომისიამ, 80-ზე მეტი კომპანია შევისწავლეთ, ბაზარი შევისწავლეთ დეტალურად, ვახორციელებდით საველე კვლევებს, რამაც მოგვცა საშუალება სწორად შეგვესწავლა, თუ რა ტიპის ბაზარია საქართველოში. დანარჩენს დასკვნაში წაიკითხავთ ყველაფერს”,-აცხადებს შოთა ბერეკაშვილი.
საბოლოო დასკვნის მომზადებამდე, კომისიის ფარგლებში მომავალ კვირას პარლამენტში უკვე ნავთობპროდუქტების იმპორტიორ და დისტრიბუტორ კომპანიებს მოუსმენენ.



























