გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და გაეროს განვითარების პროგრამს (UNDP) შეთანხმების ფარგლებში, მაღალი რისკის მქონე სამი მუნიციპალიტეტისთვის - ვანისთვის, ბაღდათისა და ქობულეთისთვის, გეოლოგიური საფრთხეების (მეწყერი, ღვარცოფი) დეტალური რუკები მომზადდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რუკებზე სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტები იმუშავებენ, სამუშაო პროცესში განახლდება გეოლოგიური საფრთხეების მონაცემთა ბაზა, მოხდება მეწყრების დეტალური აღწერა და მომზადდება საფრთხეების ზონირების რუკები.
აღნიშნული პროექტი - "კლიმატის ცვლილებებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში, ფაზა 2" - შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერაა დაფინანსებული.
"აღნიშნული მუნიციპალიტეტებისთვის მსგავსი მასშტაბის რუკები პირველად მზადდება და მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ასევე, შესაბამისი დარგობრივი მიმართულებების სპეციალისტებისთვის.
პროექტის ფარგლებში გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტები საფონდო (ისტორიული) მასალების დამუშავების შემდეგ, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში გეოდინამიკური კუთხით არსებულ სიტუაციას ადგილზე შეისწავლიან და საჭირო ინფორმაციას შეაგროვებენ", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
ინიციატივა ფართომასშტაბიანი კლიმატური პროგრამის ნაწილია, რომელიც ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირებას საქართველოში. პროგრამა ხორციელდება საქართველოს მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, კლიმატის მწვანე ფონდისა (GCF) და საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის დაფინანსებით.




























