“რეალურად, ორი წელია ეს ბიუჯეტში იყო ნაგულისხმევი,”- განაცხადა "ოქროს სიის" შეღავათების გაუქმებასთან დაკავშირებით "Forbes-ის კვირის" ეთერში საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
მაჭავარიანი ამბობს, რომ მისი შეფასებით იმ არხებმა, რომელთაც ბიზნესი მოსალოდნელი გაუქმების შესახებ უნდა ჩაეყენებინა საქმის კურსში, კარგად ვერ იმუშავა, რადგან ბიზნესს 2017 წლიდანვე უნდა შეეტყო, რომ მთავრობა სიის გაუქმებაზე ფიქრობდა. მათ შორის მაჭავარიანი ბიზნესომბუდსმენის აპარატსაც აკრიტიკებს.
“გეტყვით ვადებთან დაკავშირებით, უყურეთ რასთან გვაქვს საქმე, 2017 წელს საქართველოს მთავრობამ აიღო ვალდებულება, რომ ეს ოქროს სია გაუქმდებოდა. ეს ჩანს სავალუტო ფონდის რეპორტში. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ბიზნესმენი ვალდებულია, წაიკითხოს სავალუტო ფონდის ანგარიშები, რეპორტები და თავის ბიზნესს ასე უყუროს. მაგრამ აქ ჩვენ გვყავს ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა ბიზნესასოციაციები, არის უამრავი ექსპერტი, უამრავი არასამთავრობო, თავად ბიზნესომბუდსმენი, ძალიან ბევრი ორგანიზაცია არის, რომელიც წლის განმავლობაში უყურებს ბიუჯეტს, სადაც ჩანს ძირითადი ფისკალური პოლიტიკა და ამაზე რეაგირება მათ რასაკვირველია, უნდა ჰქონდეთ.
მე გული დამწყდა რაზე, ის რომ ის არხები, ის პლატფორმები, საიდანაც ეს დისკუსია უნდა ხდებოდეს, მათ ვერ მოახერხეს ბიზნესის ინფორმირება. იგივე ვალდებულება სხვათა შორის, ჩვენ 2018 წელსაც გვქონდა ბიუჯეტში. 2018 წლის ბიუჯეტშიც იყო გათვალისწინებული ოქროს სიის გაუქმება. ეს პლატფომები და ეს არხები აბსოლუტურად ინერტული და უმოქმედო აღმოჩნდნენ. რატომ იცით? ჩვენთან როგორ არის მიჩვეული ყველა, “აი დაგვიძახებენ, ფინანსთა მინისტრს შევხდებით, დავილაპარაკებთ.” მე არ მენანება არც დრო და არც ენერგია, რომ ბიზნესს შევხვდე და შევხვდები, თუმცა ძალიან კარგი იქნება, რომ ის ინსტიტუციები, ის ადამიანები, ვინც მოწოდებული არიანვ რომ ცოტა მეტი იფიქრონ ეკონომიკაზე, ცოტა მეტი ყურადღებით უყურონ ამ საკითხს, მათ თავის დროზე ეთქვათ, რომ 2017-ში აპირებს მთავრობა გაუქმებას,” - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
სავალუტო ფონდის დოკუმენტი, რომელზეც მაჭავარიანი საუბრობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 2017 წლის აპრილში გამოქვეყნებული ანგარიშია, სადაც ნათქვამია, რომ მთავრობა საკუთარი გადაწყვეტილებით, ოქროს სიის ბენეფიტების გაუქმებას გეგმავდა.
“მთავრობა გეგმავს გააუქმოს გადასახადის გადამხდელთა “ოქროს სია”, რომელიც ამჟამად იმპორტის დროს გადასახადების გადავადების საშუალებას იძლევა. გაუქმებას 2017 წელს ერთჯერადი ეფექტი ექნება,”- წერია სავალუტო ფონდის მიმოხილვაში.

























