მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვანო მაჭავარიანი: საპენსიო რეფორმა ადრე თუ გვიან დასაწყებია

5c1382fbcf202
ელენე გოგბერაშვილი
14.12.18 14:10
871
საქართველოს ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის განცხადებით, საპენსიო რეფორმა ადრე თუ გვიან დასაწყებია.

როგორც მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედების ვადები, სავარაუდოდ, არ გადაიწევს.

საქმე იმაშია, რომ კერძო სექტორის ნაწილი რეფორმის ვადის გადაწევას ითხოვს და მიზეზად ინფორმირებულობის დაბალ დონეს ასახელებს.

„კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ეს არ არის 4 პროცენტი გადასახადი; ცვლილება საგადასახადო კოდექსში არ მიგვიღია, ეს არ არის გადასახადი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ უზრუნველყოფილი სიბერე. არის კრიტიციზმი ამ მიმართულებით, რომ დღეს დაწყებული დაგროვება როდის მოუწევს ადამიანს, ამას სჭირდება 20 წელი რომ ღირსეული პენსია ჰქონდეს? დღეს ვინც იხდის იმას მოუწევს თუ არა და ა.შ. ამ კითხვის ნიშნებით არის გათვალისწინებული და შემუშავებული ეს საპენსიო რეფორმა, იმიტომაც არის რომ 40 წელს ზემოთ ეს არის ნებაყოფლობითი, მანამდე კი, სავალდებულო. საპენსიო რეფორმა ადრე თუ გვიან დასაწყებია“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, „აქ არის საქმე ძალიან მარტივად - თუ ჩვენ დაგროვებით პენსიაზე ვერ გადავედით, ვერასდროს იქნება პენსია საკმარისი ღირსეული ცხოვრებისთვის“.
„საყოველთაო პენსია, დღეს რა სახითაც არის, არითმეტიკულად იქნება შეუძლებელი იმ თანხაზე ავიდეს. ამიტომ წავედით დაგროვებითი გზით. არანაირ 4-პროცენტიან გადასახადს არ აქვს ადგილი - 2 პროცენტს დებს დასაქმებული, 2 პროცენტს დამსაქმებელი, ხოლო 2%-ს - სახელმწიფო და ეს ყველაფერი გროვდება ინდივიდუალურად თქვენს ანგარიშზე. ეს რომ გადასახადი იყოს, წავიდოდა ბიუჯეტში და სხვა მიზნებისთვის გამოიყენებოდა. მაგრამ თანხა დევს თქვენს ანგარიშზე, მერე ხდება საპენსიო სააგენტოს მიერ ამის მართვა, გაბევრება, სწორი ინვესტიციებით, ხარისხიანად დაბანდება თქვენი ფულის“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მინისტრი ირწმუნება, რომ სანამ ეს კანონი მიიღებოდა, ბიზნესთან იყო ფართო კონსულტაციები.

"კონცეპტუალურ ნაწილთან კითხვები არ არის. ტექნიკურ ნაწილზე კი, როგორ უნდა მოხდეს ამის განხორციელება, რა უნდა გააკეთონ ორგანიზაციებმა, სად და რა ტიპის ინფორმაცია უნდა გააგზავნონ, შეიძლება მანდ იყოს რაღაც ტიპის ცნობადობის ნაკლებობა და ყველა ბუღალტერი არ გრძნობდეს თავს კომფორტულად რა უნდა გააკეთოს. მაგრამ საპენსიო სააგენტო საინფორმაციო კამპანიას გეგმავს და აკეთებს, რომ მაქსიმალურად გაიგოს ბიზნესმა რა უნდა გააკეთოს. საპენსიო რეფორმის გადავადებაზე არა მგონია საუბარი იყოს. ამას ყველაფერს კანონი არეგულირებს",- განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები