"დღეს, როდესაც საუბარია "ოქროს სიის" გაუქმებაზე, ვერ გეტყვით, რომ ეს დრამატული მოცემულობა იქნება, თუმცა რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, რომ ის ძველი მდგომარეობა დარჩენილიყო", - ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა "ოქროს სიაში" მყოფი კომპანიებისთვის გათვალისწინებული იმპორტის გადასახდელის დაფარვის ვადებთან დაკავშირებით შეღავათის გაუქმების ფაქტის შეფასებისას განაცხადა.
საუბარია იმპორტის გადასახდელების 30 დღიანი ვადის 5 დღემდე შემცირებაზე.
"ოქროს სიაში" ძირითადად ის კომპანიები შედიან, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტის ერთ-ერთი ძირითადი შემავსებლები არიან. ამასთან ეს კომპანიები დამსაქმებლებიც არიან და მათ ეკონომიკის მდგრადობაში უდიდესი წვლილიც შეაქვთ. კომპანიები ბოლო წლების განმავლობაში ამ რეჟიმში მუშაობენ. "ოქროს სია" იმიტომაც არის შედგენილი, რომ მასში შემავალი კომპანიები სახელმწიფო ვალდებულებებს პირნათლად იხდიან", - განმარტა მთვრალაშვილმა.
როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე აცხადებს, სასურველია „ოქროს სიის“ ძველი მოცემულობა დარჩეს.
"კომპანიებს გარკვეული სახის შეღავათი ჰქონდათ და როდესაც ეს აღარ იქნება, მათ გარკვეული ტვირთი დააწვებათ. 30–დღიანი შეღავათი სწორედ იმიტომ დაუწესდათ, რომ დიდი გადამხდელები იყვნენ. კომპანიები თავის ვალდებულებებს ყველა ვარიანტში შეასრულებენ, თუმცა ბიზნესისთვის და ბიზნესის განვითარებისთვის სასურველი იყო, რომ ისევ ის მოცემულობა დარჩენილიყო", - აღნიშნა მთვრალაშვილმა.

























