ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. როგორც მონაწილეები ამბობენ, ისინი აპროტესტებენ მდინარე სულორზე დაგეგმილი 4.8 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის - "სულორი ჰესის" მშენებლობას.
ადგილობრივების თქმით, ჰესის აშენების შედეგად, სოფელს ეკოლოგიური პრობლემები ემუქრება. ამასთან, ისინი აცხადებენ, რომ არ სჯერათ “ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში ხარისხიანი მშენებლობის.
“რაც არ უნდა დაგვპირდნენ ყველაფერი ტყუილია, არაფერი არ მართლდება. რამდენი ჰესი დაინგრა, აქ ისეთი ადგილია, სულ ზვავები მოდის”, - აღნიშნა ერთ-ერთმა დემონსტრანტმა.
როგორც ცნობილია, "სულორი ჰესს" შპს „ბ.პ.ჰესი“ აშენებს, რომლის ექსპლუატაციაში შესვლის ვადად 2027 წლის 31 ივნისია განსაზღვრული.
შპს „ბ.პ.ჰესი“ 2021 წელს დარეგისტრირებული კომპანიაა და მისი 100%-იანი წილის მფლობელი ინგა ადეიშვილია, რომელიც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვანის საკრებულოს “ოცნების” დეპუტატის ბიჭიკო პაიკიძის დედაა.
თავად ბიჭიკო პაიკიძე კომპანია შპს B.P. TRANS-ის 100%-იანი მეწილეა, რომლის მიერ სახელმწიფო ტენდერების მოგებაზე მედიაში ამ დრომდეც არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია.

























