საქართველოს ტურიზმის ალიანსი გეგმავს, ტურიზმის ინდუსტრიაში არსებული მდგომარეობის შესახებ თემატური კვლევები მოამზადოს.
ამის შესახებ BMG-ის გადაცემა „წერტილში“ ალიანსის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ სიხარულიძემ განაცხადა.
„ტურიზმის ალიანსში უკვე გვქონდა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა. შექმნილია სამუშაო ჯგუფიც და ვაპირებთ, გავაკეთოთ სწორი კვლევები, რაც კერძო სექტორს ანალიზისთვის გამოადგება“, - თქვა თამარ სიხარულიძემ.
მისივე ინფორმაციით, მიმდინარე თვის ბოლოს, ტურიზმის ალიანსის ორგანიზებით, სექტორის სხვადასხვა რგოლში არსებული მდგომარეობის შესახებ, შეხვედრა გაიმართება, სადაც მსჯელობის მთავარი თემა იქნება „როგორ ვიპოვოთ კრიზისიდან გამოსავალი“.
წამყვანის კითხვაზე - შეხვედრაზე მოიწვევენ თუ არა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირებს, თამარ სიხარულიძემ განაცხადა, რომ სურვილის შემთხვევაში, ყველას შეუძლია, ღონისძიებაში მონაწილეობა.
„წერტილთან“ ინტერვიუში საქართველოს ტურიზმის ალიანსის აღმასრულებელმა დირექტორმა ტურიზმის ბიზნესში არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და პოლიტიკური კრიზისი ტურიზმის ინდუსტრიაზე ნეგატიურად აისახა.
"თუ პრობლემების გადაჭრის გზა არ გამოინახა, იმის ნაცვლად, რომ წინ წავიდეს სექტორი, შეიძლება, კიდევ უფრო [რთული] სიტუაცია გვქონდეს“ - განაცხადა თამარ სიხარულიძემ.