პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მედიკამენტების ფასების რეგულირების საკითხზე მთავრობა გადაწყვეტილებას მიმდინარე კვირაში მიიღებს.
ამასთან, ის ამბობს, რომ მთავრობა თურქეთთან “ბაზრის გახსნას” გეგმავს, რაც პრემიერის თქმით, წამლებზე ფასს შეამცირებს.
“კიდევ ერთი დაპირება, რაც ჩვენ გვაქვს, მედიკამენტების ფასებს ეხება; ამ თემაზე მიმდინარე კვირაში უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რაც ჩვენი პროგნოზით, მედიკამენტების ფასებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. ფარმაცევტული ბაზრის ანგარიში დასრულებულია. კონკურენციის სააგენტომ უკვე დაასრულა მუშაობა. ჯანდაცვის ახალი მინისტრი უკვე შეხვდა სააგენტოს ხელმძღვანელს და ერთად დაგეგმეს შემდგომი გასატარებელი ღონისძიებები. ასევე ვაპირებთ გავხსნათ თურქეთის ბაზარი, რომ თურქეთიდან შემოვიდეს მაღალი ხარისხის მედიკამენტები, რაც ჩვენი პროგნოზით, გააიაფებს მედიკამენტებს. ამას გარდა, ჩვენ ასევე ვმუშაობთ კანონმდებლობაზე, რომელიც ამ მიმართულებით სიტუაციას კიდევ უფრო გააუმჯობესებს”, - აცხადებს პრემიერი.