„ქართველი მეწარმეები ევროპულ გზაზე“ - ამ იდეით შეიკრიბა დღეს მეწარმეების ნაწილი სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ ოფისთან. მათ ამ გზით გააპროტესტეს „ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილება ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხის შეჩერების შესახებ და პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება მოითხოვეს.
იმ ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ოფისთან შეიკრიბა, სწორედ ამ სააგენტოს ბენეფიციარია, შესაბამისად, ისინი მიიჩნევენ, რომ სააგენტო, რომელიც მეწარმეებს განვითარებაში და ევროპული სტანდარტის მიღებაში ეხმარება, ვალდებულია მათ გვერდით დადგეს.
„ჩვენ ევროკავშირთან ვწყვეტთ ყველანაირ ურთიერთობას მთავრობის დახმარებით, როგორც თვითონ აღნიშნავენ. ეს ჩვენთვის მიუღებელია, მეწარმეები ვაპირებთ, რომ მხოლოდ ევროპულ გზაზე ვიაროთ და მეორე მიზეზი ეს არის სოლიდარობა რეჟიმის პატიმრების მიმართ, რომლებიც აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ. "აწარმოე საქართველოს" ოფისი რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მათი ბენეფიციარები, ეს სააგენტო იმიტომ შეიქმნა, რომ შეუწყოს ხელი მეწარმეების განვითარებას და ისინი ვალდებულები არიან ჩვენ მხარი დაგვიჭირონ და დადგნენ ჩვენს გვერდით“,- აცხადებს ვივია გურგენიშვილი, კომპანია „დინოს“ დამფუძნებელი
„აწარმოე საქართველოსთან იმიტომ მოვედით, რომ ეს არის უწყება, რომელსაც ბევრი რამ აქვს გაკეთებული იმისთვის, რომ ქართველი მეწარმეებისათვის გაეხსნა გზა ევროპული ბაზრისკენ, მიჰყვება სტანდარტებს, ცდილობს, რომ აქაც დანერგოს და დღეს, როდესაც კრიტიკული მომენტია ჩვენი ქვეყნისთვის და ფაქტობრივად ზღვარი გადის ვიქნებით თუ არა ევროპის ნაწილი, ვფიქრობთ, ამგვარი სააგენტოები უნდა იყვნენ პირველი სახელმწიფოს მხრიდან ინიციატორები იმისა, რომ გააგრძელონ სვლა და გააპროტესტონ ის, რაც ხდება გასული ორი კვირის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში“,- სალომე კუსიანი, სოციალურ საწარმოთა ალიანსის წარმომადგენელი.
მეწარმეების პროტესტი უპასუხოდ დატოვა სააგენტომ. მიუხედავად იმისა, რომ მათ ჰქონდათ სატელეფონო კომუნიკაცია სააგენტოს წარმომადგენლებთან, მეწარმეების მოთხოვნის მიუხედავად, მათთან სასაუბროდ შენობის გარეთ არავინ გამოსულა.
ქართველმა მეწარმეებმა სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ ოფისიდან რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების საპროტესტო მსვლელობას შეუერთდნენ.