მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვაპირებთ, მოვაწყოთ როგორც სამაცივრე მეურნეობა, ისე A კლასისა და ფარმაცევტული ტიპის საწყობები" - "მეტა ჰაბის" გეგმები

meta hub

ქართულ ლოგისტიკურ ბაზარზე ახალი კომპანია - მრავალფუნქციური სასაწყობო და კომერციული სივრცე "მეტა ჰაბი" (MetaHub) გამოჩნდა. კომპანია ბიზნესს განსხვავებულ ინფრასტრუქტურულ შესაძლებლობებს და 200-დან 15 000 კვადრატულ მეტრამდე ფართებს სთავაზობს, რომლებიც საწარმოო, კომერციული და ლოგისტიკური მიზნებისთვისაა განკუთვნილი. "მეტა ჰაბი" ლილოში, კახეთის გზატკეცილიდან 2 წუთის სავალზე მდებარეობს.

"საქმიანი დილას" ეთერში კომპანიის დამფუძნებლებმა, გიორგი ლომთათიძემ და დავით ზაუტაშვილმა ახალი ბიზნესის დაფუძნების, ინფრასტრუქტურული მოდელისა და საფასო პოლიტიკის შესახებ ისაუბრეს.

როგორც მათ აღნიშნეს, პროექტის შექმნის იდეა გიორგი ლომთათიძის მრავალწლიან გამოცდილებას უკავშირდება, რომელიც სასაწყობო სექტორში 2012-2013 წლებიდან საქმიანობს.

"დღესდღეობით, ჩვენ 3.5 ჰექტარ ტერიტორიას მოვიცავთ, სადაც 18 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობის საწყობებია განთავსებული. ამ წლების განმავლობაში საკმაოდ დიდი გამოცდილება შევიძინე როგორც მოიჯარეებთან ურთიერთობით, ისე კვალიფიციური გუნდისა და სამშენებლო ჯგუფის ჩამოყალიბებით... სწორედ აქედან გამიჩნდა იდეა, მომეძებნა კიდევ უფრო განსხვავებული, სტრატეგიული და საკვანძო ადგილი, სადაც კიდევ უფრო თანამედროვე ტიპის საწყობებს ავაშენებდით", - ამბობს ლომთათიძე.

ახალი მასშტაბური პროექტის განსახორციელებლად გიორგი ლომთათიძე "გრადა ჯგუფის" დამფუძნებელ დავით ზაუტაშვილს დაუკავშირდა. პარტნიორობის შედეგად მათ 17 ჰექტარი მიწის ნაკვეთი შეიძინეს, სადაც ახალი კომპანია "მეტა ჰაბი" დააფუძნეს.

"მეტა ჰაბის" დაგეგმარებისას დამფუძნებლებმა აქცენტი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე გააკეთეს. დავით ზაუტაშვილის თქმით, ტერიტორიის პროექტირება კვლევებზე დაყრდნობით განხორციელდა:

"დავეყრდენით კვლევებს, გამოვითხოვეთ მასალები და დავადგინეთ, თუ რა საერთაშორისო სტანდარტები არსებობდა. ადრე, მაგალითად, 10 000 კვადრატული მეტრიდან 8 000-ზე საწყობი შენდებოდა, ხოლო 2 000 კვადრატული მეტრი საავტომობილო ინფრასტრუქტურისთვის რჩებოდა. ჩვენ პროექტი საერთაშორისო სტანდარტით, 50/50-ზე პროპორციით გავაკეთეთ და გვაქვს დიდი საპარკინგე სივრცე როგორც ტრაილერებისთვის, ისე მცირე ზომის, სადისტრიბუციო ავტომობილებისთვის... შესაბამისად, თუ ვინმეს აქვს პრობლემა, საწყობის დაქირავებისას სად გააჩეროს საკუთარი თუ სადისტრიბუციო ტრანსპორტი, ეს პრობლემა ჩვენთან მთლიანად გადაჭრილია", - ამბობს "მეტა ჰაბის" თანადამფუძნებელი.

გიორგი ლომთათიძემ BMG-სთან სასაწყობო ფართების ქალაქგარეთ გადატანის ტენდენციასა და მართვის სირთულეებზე ისაუბრა. მისი თქმით, კახეთის გზატკეცილთან და "აუთლეტ ვილიჯთან" ახლოს მოქმედი ლოგისტიკური ჰაბი მარტივად მისადგომია და მოიჯარეებს 24-საათიან მომსახურებას სთაცაზობს.

"ზოგადად, ახლა საწყობების მშენებლობის ბუმია, თუმცა ქალაქში ისინი ძნელად მისადგომია, რის გამოც სასაწყობო სივრცეები მაქსიმალურად ქალაქგარეთ გადადის... ბევრი აშენებს, მაგრამ შემდეგ მართვას ვეღარ ახერხებს და უწევს გაყიდვა ან ფასების შემცირება.

ჩვენ მოიჯარეებს ყველანაირ სერვისს ვთავაზობთ, რათა ტრანსპორტი მარტივად მოვიდეს და ტვირთი უპრობლემოდ დასაწყობდეს. გვაქვს 24-საათიანი დაცვა. თავიდანვე გვქონდა გათვლილი, რომ ზოგიერთ ტერიტორიაზე საწყობი კონკრეტულ დროს იკეტება და შიგნით ვერ შეხვალ, ჩვენთან კი მოიჯარეებს ტვირთის შემოტანა 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ", - ამბობს ლომთათიძე.

ახალი კომპანიისთვის ბაზარზე დამკვიდრების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი საფასო პოლიტიკაა. დამფუძნებლების გადაწყვეტილებით, საწყის ეტაპზე ფასები მინიმალურ ნიშნულზეა შენარჩუნებული.

"დიდხანს ვიფიქრეთ საფასო პოლიტიკაზე და გადავწყვიტეთ, ტარიფი 5 დოლარიდან დაგვეწყო. ეს არის მინიმალური ფასი. მიუხედავად იმისა, რომ ინფრასტრუქტურა ახალი და თვალსაჩინოა, ჩვენ გავაკეთეთ აქცენტი - ძველი საწყობის ფასში ვაქირავებთ ახალ საწყობს. ეს არის ჩვენი სლოგანი", - ამბობს ის.

გიორგი ლომთათიძის განმარტებით, ხელმისაწვდომი ფასის შეთავაზება საკუთარი სამშენებლო ჯგუფის არსებობამ და თვითღირებულების ოპტიმიზაციამ გახადა შესაძლებელი.

"ფაქტობრივად, სამშენებლო პროცესი და ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე დავასრულეთ, რათა ჩვენი ტერიტორია კიდევ უფრო ადვილად მისადგომი გამხდარიყო. 5 000 კვადრატულ მეტრამდე ფართი უკვე გაქირავებული გვაქვს და მოიჯარეებიც შემოვიდნენ... მაქსიმალურად შევეცადეთ, თვითღირებულება ისე დაგვეთვალა, რომ ფასი ყველა მოიჯარისთვის მისაღები და სასურველი ყოფილიყო. დაბალი ფასი ყველასთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ მათ მაქსიმალურად მორგებულ პირობებს და დაბალ ფასს ვთავაზობთ", - ამბობს ის.

ახალი პროექტი ხელს ენერგოეფექტურობის დანერგვასაც უწყობს. დამფუძნებლების თქმით, კომპანია საკუთარი მზის ელექტროსადგურის მოწყობას გეგმავს, რაც მოიჯარეებს კომუნალურ ხარჯებს შეუმცირებს.

"ჩვენ ასევე ჩავერთეთ ნეტო აღრიცხვის სისტემაში, სადაც 1 მეგავატი სიმძლავრის სისტემის მოწყობის საშუალება გვაქვს. ახლა უკვე ვიწყებთ მზის პანელების მონტაჟს, რაც საშუალებას მოგვცემს, საწარმოო ფართებს ელექტროენერგია დაბალი ტარიფით შევთავაზოთ. ეს ძალიან მიმზიდველი პირობაა", - ამბობს ლომთათიძე.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კომპანია "მეტა ჰაბი" 17 ჰექტარი ფართობის სრულ ათვისებას და ბაზრისთვის ახალი პროდუქტების შეთავაზებას აპირებს:

"გვინდა, რომ ეს 17 ჰექტარი მაქსიმალურად ისე გავაშენიანოთ, რომ ყველანაირ საჭიროებას მოერგოს. ვაპირებთ მოვაწყოთ როგორც სამაცივრე მეურნეობა, ისე A კლასისა და ფარმაცევტული ტიპის საწყობები. გარკვეული გამოცდილება უკვე დაგვიგროვდა და ბაზარს შესაბამის სერვისებს შევთავაზებთ", - განაცხადა "მეტა ჰაბის" თანადამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები